ახალი ამბებიეკონომიკა

ნავთობზე ფასი გაიზარდა

11 მაისი, 2018 • 2623
ნავთობზე ფასი გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა, შედეგად, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 77 აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ნავთობზე ფასი 8%-ით გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ირანი ნავთობის ექსპორტს შეამცირებს, ე.წ. შავი ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება. სააგენტო წერს, რომ აშშ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს, რაც  ნავთობზე ფასს დაახლოებით 4%-ით გაზრდის. სანქციების შესაძლო დაწესება ბირთვულ შეთანხმებას უკავშირდება. ბირთვული შეთანხმება ირანთან 2015 წელს გაფორმდა.  შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. რამდენიმე დღის წინ კი აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

CNN Money კი ამერიკის ბანკზე დაყრდონობით წერს, რომ 2019 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარი იქნება. ფასის ზრდის მიზეზებად ბანკი ვენესუელაში ნავთობის წარმოების კოლაფსსა და ირანში ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებულ შეფერხებებს ასახელებს.

რა გავლენა ექნება ნავთობის ფასის ზრდას მსოფლიო ეკონომიკაზე?

Bloomberg წერს, რომ ნავთობზე ფასების ზრდა ოჯახების შემოსავალზე აისახება და მომხმარებლების დანახარჯებს გაზრდის, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავლენა განსხავებული იქნება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მოწყვლადი ევროპა იქნება, რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია, ინფლაციის მოლოდინშია. ქვეყნაში პროდუქტებზე ფასი 2018 წელს დაახლოებით 2%-ით უკვე გაიზარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ნავთობზე ფასის ზრდამ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა იქონიოს,  ფასის ზრდა სტაბილურად უნდა გაგრძელდეს.

ვინ ისარგებლებს ნავთობზე ფასის ზრდით?

Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ნავთობზე ფასის ზრდით საუდის არაბეთი, როგორც ნედლი ნავთობის ნომერ პირველი მწარმოებელი და რუსეთი ისარგებლებენ. რუსეთის ეროვნული ვალუტა უკვე გამყარდა. ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ყიდვა დაახლოებით 61 რუბლადაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი