ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კოკოითი ბრუნდება?

11 მაისი, 2018 • 6312
კოკოითი ბრუნდება?

ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი ცხინვალიდან

სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მორიგი ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-გამოცემა ANNA news-ს, სადაც ფაქტიურად განაცხადა აქტიურ პოლიტიკაში და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ.

როგორც ის ამბობს, საკუთარი თავისთვის სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ხედავს –  მისი გადადგომის შემდეგ რესპუბლიკის ხელისუფლებაში შემთხვევითი ხალხი მოვიდა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის, რუსების თვალში მის დისკრედიტაციას ახდენს, თავად რუსეთს კი, როგორც ქვეყანას, რომელიც რესპუბლიკაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, მსოფლიო საზოგადოების თვალში ძირს უთხრის.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ქართველი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა, კოკოითის აზრით, არ არის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ერთადერთი და გაუაზრებელი შეცდომა. ყოველივე ეს არის სისტემური კრიზისის ნიშნები, რაც არაპროფესიონალი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რამაც ფეხი გაიდგა რესპუბლიკის ხელისუფლებაში; საქართველოს აგენტების ხსენების გარეშეც არ ჩაუვლია ყველაფერს [აბა, მათ გარეშე როგორ].

ედუარდ კოკოითისა და ჟურნალისტ კონსტანტინ სივკოვის საუბრიდან ფრაგმენტს მოვიყვან:

ედუარდ კოკოითი: მინდა გავაფრთხილო პარლამენტის სპიკერი, მოქმედი პრეზიდენტი და ისინი, ე.წ. ბოტები. არ მესმის, როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს მართავს, ყოველდღე, 5-6 საათის განმავლობაში, სამუშაო დროს სოციალურ ქსელებში “იჯდეს”.  

კონსტანტინ სივკოვი: იქნებ ადამიანს უბრალოდ სხვა საქმე არ აქვს?

ედუარდ კოკოითი: ის ზის და თვალყურს ადევნებს “ლაიქებს”, შემდეგ “პირადში” წერს მომხმარებლებს: “ყველაფერს ვხედავთ, ვის უწერთ “ლაიქებს”. ნუთუ ასე შენდება სახელმწიფო?

სხვათა შორის, ბოტების გამოყენება ან გამოგონილი სახელებით სოციალურ ქსელებში დარეგისტრირება სამხრეთ ოსეთში ბოლო წლებში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა. მათი დახმარებით სოციალურ ქსელში მაკომპრომატირებელი მასალები ჩნდება, მიმდინარეობს დისკრედიტაციის კამპანიები, რომელთა შედეგად ხშირად ჩინოვნიკებს ათავისუფლებენ.

ედუარდ კოკოითი ინტერვიუში ასახელებს ჩინოვნიკებს, რომლებიც გამოგონილი სახელებით ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის მესაზღვრეებს ეკისრებათ. ამით ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთს, არამედ რუსეთსაც სვრიან ლაფში.

აშკარაა, რომ კოკოითის ეს მიმართვა კრემლის მისამართით იყო. – რომ აი, თქვენ 2011 წლიდან  განმდევნეთ, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ მიმიშვით და რას მიაღწიეთ ამით? რესპუბლიკას შემთხვევითი ხალხი მართავს, ვისი საღი აზრიც სათუოა. ისინი რესპუბლიკის ავტორიტეტს ველური სკანდალებით არყევენ.

კოკოითი შეეხო ადგილობრივი ბიუროკრატიის ზედამხედველ კურატორებსაც. ისინი, მისი განცხადებით, საუკეთესო შემთხვევაში, არაპროფესიონალები, უარესში კი – მავნებლები არიან. სამხრეთ ოსეთში რუს კურატორებს შორის ბევრია პროდასავლური განწყობებით, ირწმუნება ედუარდ კოკოითი.

ექსპერტები, მათ შორის პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საკუთარ გეგმების შესახებ კოკოითი ცრუობს. რეალურად მისი ინტერესები სცდება რესპუბლიკის საზღვრებს.

სილაევის აზრით, ექსპრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის პრობლემებით სპეკულირებს და სიტუაციას მიზანმიმართულად ამძიმებს. მიზანი – უფრო ძვირად “გაყიდოს” კრიზისი და ამით მოსკოვი ალტერნატივის წინაშე დააყენოს: “ან პოლიტიკურ სიტუაციაში ჩავერევი, ან განვიხილავ თქვენს წინადადებებს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ”.

ინფორმირებული ადამიანები მოსკოვში ამბობენ, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კოკოითი იმდენად დაკნინდა, რომ მოსკოვის ბინაც კი, რომელიც მას პუტინმა აჩუქა, ბანკში აქვს დატვირთული. საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად კოკოითის ის თანამდებობა სჭირდება, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და, ამავე დროს, ოდესღაც პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პერსონას არ დააკნინებს. ასეთი საშუალების მიცემა კი მისთვის მხოლოდ კრემლს შეუძლია.

იმ მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ კოკოითი ცრუობს, კიდევ ერთი არგუმენტი არსებობს. საქმე ის არის, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის მსურველი, რომლის კანდიდატურაც კრემლს არ მოსწონს, ვერაფერს “ეღირსება”. ამ მხრივ კოკოითი ყველაზე მეტად ეწერება ასეთ დაწუნებულ კანდიდატურებში.

კრემლისთვის კოკოითი იმაშია დამნაშავე, რომ 2011 წელს ვერ შეძლო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფა მოსკოვის მიერ დანიშნულ კანდიდატ ანატოლი ბიბილოვისთვის.

მაშინ ბიბილოვმა არჩევნები წააგო. კენჭისყრის შედეგები კი სასაცილო არგუმენტების მოშველიებით სასამართლოს გზით გააუქმეს. ამ გარემოებამ თითქმის ღია კონფლიქტი წარმოშვა ოპოზიციასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც რუსმა კურატორებმა ძლივს გადაჭრეს.

კოკოითის დააკისრეს ძირითადი პასუხისმგებლობა იმ კორუფციულ სკანდალებზეც, რომლებიც დაკავშირებული იყო ომისშემდგომი რესპუბლიკის აღდგენის პროცესთან 2009-2011 წლებში [თუმცა ლომის წილი რუსმა ჩინოვნიკებმა, მოსკოვის მიერ ცხინვალში გამომგზავნილმა კონტრაქტორებმა “წაიღეს”] .

სწორედ კოკოითიმ, რომელიც ცდილობდა პირველს აეღო კონტროლი რუსულ ტრანშებზე, რუსი კონტრაქტორების წინააღმდეგ ხმაურიანი მხილებათა სერია დაგეგმა, რომლის შედეგადაც სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ სისხლის სამართლის 70-მდე საქმე აღძრა.

ერთმა კონტრაქტორმა სამხრეთ ოსეთიდან მაგალითი მომიყვანა. მისი თქმით, 2009 წლის დასაწყისში ოთხსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლის ზემოთ დამონტაჟებული საკარვე ნაგებობათა აღჭურვილობა დაახლოებით 1,8 მილიონი რუბლი დაჯდა. სამხრეთ ოსეთის კონტრაქტორებმა სამუშაოების ფასი 3 მილიონ რუბლამდე გაზარდეს, თუმცა რუსი კონტრაქტორების ჩამოსვლის დროს საცხოვრებელი უკვე 30 მილიონი ღირდა.

ამ კორუფციულმა მხილებებმა რესპუბლიკის მცხოვრებლები გააოგნეს. ხუთდღიანი ომის შედეგად ადამიანები თავშესაფრის გარეშე დარჩენენ, საცხოვრებლების აღსადგენად მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფული კი მათ ცხვირწინ მოიპარეს. ცხინვალში მაშინ ანეკდოტიც გავრცელდა: რუსები ჩვენი ძმები არიან, ქართველები კი, გარეწრები… რუსებზე უარესები”.

2011 წლის გადადგომის შემდეგ კრემლმა ედუარდ კოკოითი არ დაასაქმა, რაც კოკოითის წასვლის ნიშანი იყო. ტრადიციულად, რუს გუბერნატორებს დათხოვნის შემდეგ ფედერალურ უწყებებში, ფედერაციის საბჭოში ასაქმებენ. კოკოითის, როგორც “უცხოელს”, ასეთ თანამდებობებზე პრეტენზია, რა თქმა უნდა, ვერ ექნება, თუმცა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე სახელმწიფო კორპორაციებში, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმების იმედი შეიძლება იქონიოს.

2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოსკოვის გეგმების საწინააღმდეგოდ, კოკოითი საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას შეეცადა, თუმცა, სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს. საქმე ის არის, რომ რესპუბლიკაში მოქმედებს კანონი, რომლის შესაბამისად, საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლო 10 წლის განმავლობაში წელიწადში არანაკლებ 300 დღისა რესპუბლიკაში უნდა ცხოვრობდეს. სწორედ ამ კანონის დარღვევაში იყო კოკოითი მხილებული.

სასამართლოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის, ვიქტორ შარგაევის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უსუსური იყო,  რადგან დღესდღეობით სამხრეთ ოსეთში, კანონის თვალსაზრისით, არ არის ლეგიტიმური ამ დღეების დათვლის მექანიზმი, შესაბამისად, კანონის გამოყენება, პრინციპში, შეუძლებელია.

თუმცა სასამართლომ უგულებელყო კოკოითის წინააღმდეგობა და ავტომატურად შარგაევის მხარე დაიკავა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოკოითის საკუთარი ადგილი მიუჩინეს ყველაზე უცერემონიო გზით.

დღესდღეობით არ ჩანს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მოსკოვის დამოკიდებულება კოკოითის მიმართ შეიცვალა. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს – კოკოითიმ არაერთხელ აჩვენა საკუთარი შესაძლებლობა, აკრძალვებს გადააბიჯოს და სასურველს მიაღწიოს.

2001 წელს ყოვლისშემძლე ძმები თედეევები “გადააგდო”, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის პირველ პრეზიდენტს, ლუდვიგ ჩიბიროვს ხელიდან გამოსტაცეს ძალაუფლება და 37 წლის ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო სავარძელზე დასვეს. თედეევები იმედოვნებდნენ, რომ კოკოითი მათი მარიონეტი გახდებოდა, თუმცა არჩევნების შემდეგ კოკოითიმ ჩამოიშორა ისინი, რის შედეგადაც მტრად გადაიკიდა.

2011 წელს კოკოითი არა მხოლოდ ვერ გაუმკლავდა კრემლის დავალებას, არამედ გააზრებულად ჩააგდო. მაშინ არ აწყობდა არც კრემლის “ქმნილება” არაპროგნოზირებადი დესანტის ანატოლი ბიბილოვის სახით და არც ოპოზიციონერ ალა ჯიოევას კანდიდატურა, რომლის უკან ჯამბულატ თედეევი იდგა.

იმის შესახებ, თუ როგორ მოატყუა კოკოითიმ კურატორები, მიამბო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის, კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დიმიტრი ივაკომ, რომელიც 2011 წლის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომიტეტისა და მისი პრესცენტრის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე აგებდა პასუხს.

მისი მონაყოლით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სტანისლავ ვავილოვმა სამხრეთ ოსეთში საარჩევნო კომიტეტიდან “ტექნოლოგები” ჩამოიყვანა, ვისი ამოცანაც არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის გზით, ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის [«ГАС Выборы»] დახმარებით ბიბილოვის გამარჯვების უზრუნველყოფა იყო.

ოპერატორებს უნდა შეეტანათ სისტემაში წინასწარ მომზადებული “დრამატული” სცენარი, რომლის მიხედვით, ხმების დათვლის დროს ჯერ ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებდა, შემდეგ ხმები თანაბრდებოდა, ბოლოს კი, მინიმალური მაჩვენებლით “საჭირო” კანდიდატი იმარჯვებდა.

თუმცა მაშინ [2011 წელს] ყველაფერი ჩავარდა – კოკოითის ბრძანებით, დიმიტრი ივაკომ კომპიუტერში კენჭისყრის რეალური შედეგები ჩაუშვა და კრემლის კანდიდატი დამარცხდა.

სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ “მასობრივი დარღვევების” საბაბით არჩევნების შედეგები გააუქმა, ხალხის რისხვის განელება კი კოკოითიმ რუს კურატორებს დაავალა – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმღვანელს, სერგეი ვინოკუროვს და მის მოადგილეს ვლადისლავ გასუმიანოვს.

ამ ჩავარდნის შემდეგ გასუმიანოვი დაითხოვეს, ვინოკუროვი კი საგარეო დაზვერვის სამსახურამდე ჩამოაქვეითეს.

საბოლოოდ, 2017 წელს, იმის მიუხედავად, რომ კოკოითი საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ მიუშვეს, საარჩევნო კამპანია ძირითადად მისი სცენარით წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მაშინ მოსკოვმა №1 კანდიდატად ლეონიდ თიბილოვი დაასახელა. პუტინმა კი მას არჩევნებში გამარჯვება საჯაროდ უსურვა.

EPA/YURI KOCHETKOV

კოკოითიმ კი ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში დასარეგისტრირებლად დოკუმენტები ჩააბარა, თუმცა წინასწარ იცოდა, რომ უარს ეტყოდნენ. ამასთან, საზოგადოებას აჩვენა, რომ ცენზის შესახებ კანონი კანდიდატებისთვის შეუძლებელია აღასრულო, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი არდაშვება არჩევნებამდე უკანონოა. ამით ასევე ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა.

მეორე მხრივ, მან  საკუთარი ელექტრორატის მობილიზება მოახდინა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ნაწილს შეიარაღებული ძალებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის ვეტერანები შეადგენენ.

კოკოითიმ ასევე ჩაატარა აქციათა სერია ხელისუფლების თვითნებობის წინააღმდეგ, რითაც რესპუბლიკაში პოლიტიკური დაძაბულობის გრადუსი მაღლა ასწია. იმ დროს პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი შეეცადა “კოკოითელთა” აქტიურობა ომონის ძალებით აღეკვეთა. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

საპასუხოდ, კოკოითის ერთგული კონტრაქტორები ომონის ყაზარმასთან მივიდნენ, გამოიძახეს მებრძოლები და დაუსვეს კითხვა: თქვენ ჩვენთან ხართ, თუ ჩვენ წინააღმდეგ? მათ კი უპასუხეს: ჩვენ ყოველთვის ხალხთან ერთად ვიყავითო.

კოკოითიმ თავისი არსით გააკეთა ის, რასაც ბიბილოვი ვერ ბედავდა – ის გამწვავებაზე წავიდა და ღია კონფლიქტის საფრთხე შექმნა. ამ ვითარებაში კი ლეონიდ თიბილოვმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ვერ გარისკა, ანუ წინასწარ გამზადებული ფალსიფიკაციები…

ამგვარად, ერთი მხრივ, კოკოითიმ აჩვენა მოსკოვს, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება და ის კვლავინდებურად №1 მოთამაშეა, მეორე მხრივ, კრემლს მისი კურატორების ქმედუუნარობა დაანახა, რომელთაც თამაშში მოუგო. დაბოლოს, მან საკუთარ მხარდამჭერებს აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ფორმაშია, რომ მათი დრო არ წასულა და კვლავაც ძალას წარმოადგენენ.

იმ დროიდან ედუარდ კოკოითი პერიოდულად ჩნდება მედიაში და რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

კოკოითის თვითდაჯერებული ტონი არ ტოვებს ეჭვებს – ის საკუთარ თავს მოწინააღმდეგებზე ძლიერად მიიჩნევს. მათი ქმედუუნარობა მისთვის ახალ პოლიტიკურ პერსპექტივებს ხსნის. 2011 წლის გადადგომამდე, საზოგადოებრივი მოთხოვნებისა და ინსტიტუციურ რეფორმებზე ცვლილებების მოლოდინის ფონზე, თუ კოკოითი გამოიყურებოდა როგორც წარსულის გადმონაშთი, ახლა სურათი შეიცვალა მისი შემდგომების “მიღწევების” ფონზე.

ის მაინც სამხედრო პერიოდის ხელმძღვანელია, ომი კი კარგი საშუალებაა, გარე საფრთხით გამოწვეული საჭიროებით ავტორიტარული რეჟიმი გაამართლო და წარუმატებლობები მტერს გადააბრალო. კიდევ ერთი ფაქტორი მის სასარგებლოდ – ადამიანების ცხოვრება კოკოითის დროს უფრო აზრიანი იყო, – სირთულეები, ოცნებები მომავალზე. ბევრისთვის კოკოითი მათი ახალგაზრდობის, მათი ომის ნაწილი გახდა. ნოსტალგია კოკოითიზე  საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიის ტოლფასია სსრკ-ის ყოფილი მოქალაქეებისთვის, ვისთვისაც თანამედროვე რუსეთში ადგილი ვერ მოიძებნა,.

რა არის კოკოითის ფატალური შეცდომა? მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთი აღიარა და საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა, რესპუბლიკის მოქალაქეებს უკეთესი ცვლილებები სწყუროდათ. ყველაფერი უნდა შეცვლილიყო. გაქრა საფრთხე, ე.ი. ავტორიტარიზმს გამართლება აღარ უნდა ჰქონოდა. ახალ ცხოვრებაში ადამიანებს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა სურდათ.

საზოგადოების ეს განწყობა საბჭოთა კავშირში “პერესტროიკის” დასაწყისის ატმოსფეროს შეიძლება შევადაროთ. კოკოითიმ ეს საზოგადოებრივი წყურვილი ვერ შეამჩნია, ძველ ფირფიტას ატრიალებდა, სადაც “მოშვება” ჯერ ნაადრევი იყო და ხელისუფლებასთან უნდა “შეკრულიყავი”. საზოგადოებამ მას ეს დაუკვირვებლობა არ აპატია.  

რა თქმა უნდა, კოკოითი ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებდა საპრეზიდენტო პოსტს მეორე ვადის შემდეგ, თუმცა ის მაშინ დამარცხდა, როდესაც მთავრობის სახლთან შეკრებილ თანამემულეთა რისხვიანი შეძახილების ფონზე მიდიოდა. მასთან ერთად იძულებული გახდნენ წასულიყვნენ ისინიც, ვინც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. ერთი შეხედვით, ისინი სამუდამოდ წავიდნენ.

ამ გადაჭარბებული მოლოდინების ტალღაზე ხელისუფლებაში ლეონიდ თიბილოვი მოვიდა. თითქოს გადამგარი ჩეკისტი საზოგადოებას ახალს ვერაფერს შესთავაზებდა, რეჟიმის შესუსტების გარდა. მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს ზეწოლა საზოგადოებაზე. ოპოზიციონერებს აღარ სცემდნენ და აღარ აძევებდნენ რესპუბლიკიდან. თუმცა ეს “შერბილება” არ იყო ოფიციალური და პრინციპული არჩევანი ადამიანის უფლებების სასარგებლოდ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თიბილოვის მშვიდობისმოყვარული გამოვლინება იყო. არანაირი რეფორმა, სრული უძრაობა. მოსალოდნელი ცვლილებების ნაცვლად ადამიანებმა, ასე ვთქვათ, გვიანი სტალინიდან გვიან ბრეჟნევამდე პერიოდი მიიღეს.

ბიბილოვის მართვის პირველი წელი ყველაზე წინააღმდეგობრივ შეფასებებს იმსახურებს. საღი აზრის დემონტრაცია და პრაგმატიზმი უჭკუო დირექტივებმა შეცვალა. ამას ბიბილოვის წრის ხალხი იმით ხსნის, რომ პრეზიდენტის გარშემო სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანი შეიკრიბა.

მიღებული გადაწყვეტილებებით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ კონკრეტულად ვინ  წირავს მას – ზომიერები თუ მარგინალები, პასუხისმგებლიანები თუ გარეწრები. ამბობენ, პრობლემა პრეზიდენტის რთულ ხასიათშიც არისო.

ამ ფონზე კოკოითი საკუთარი თავისთვის პერსპექტივებს ხედავს.

ინტერნეტ-გამოცემა ANNA news-სთან ინტერვიუში ედუარდ კოკოითიმ მიანიშნა იმაზე, თუ როგორ შეიძლება წინააღმდეგობები გადალახოს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოიგებს 2019 წელს საპარლამენტო არჩევნებს.

“პარტია “ერთიანი ოსეთი” [ბიბილოვის პარტია, რომელსაც პარლამენტში 50%-ზე მეტი ხმა აქვს], ასევე ზოგიერთი საპარლამენტო პარტია დამარცხდება. მინდა მათ ეს წინასწარ ვუთხრა, რომ მოეშვან და გააგრძელონ სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაცია…”, – განაცხადა ედუარდ კოკოითიმ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებზე საუბრისას.

ანუ, თუ მისი ერთგული პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარები პარლამენტში უმრავლესობას დაიკავებენ, კოკოითი შეძლებს კანდიდატისთვის საცხოვრებელი ცენზის გაუქმებას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, კურატორების აკრძალვების მიუხედავად.

სხვათა შორის, მოსკოველი ანალიტიკოსები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სიტუაციას თვალს ადევნებენ, მიიჩნევენ, რომ მსგავს გეგმას წარმატების შანსი აქვს. ჯერ ერთი, ბოლო წლებში კრემლის ყურადღება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შესუსტდა. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შემდეგ სირია და უკრაინა იყო, შემდეგ- სანქციები.

თუ ბოლო ხუთ წელიწადში რუსული ტრანშების ხარჯვის კონტროლის მექანიზმები მეტ-ნაკლებად ეფექტური გახდა და გამოყოფილი ფულის მოპარვის საკითხი ასე თუ ისე მოგვარებულია, საგარეო გამოწვევების ფონზე, რუსეთის ყურადღება იქ მიმდინარე ამბების მიმართ საგრძნობლად შესუსტდა. სამხრეთ ოსეთი მეორე პლანზეც კი არ გადასულა – სადღაც, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურების ყურადღების პერიფერიაშია.

დღეს სამხრეთ ოსეთი რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის წინა პლანზე კი არა, უბრალოდ რთულ ტერიტორიას წარმოადგენს. მოსკოვი უფრო მომთმენი გახდა იქაური შიდაპოლიტიკური პრიცესების მიმართ, იმ პირობით, რომ ორი პრინციპული მომენტი იქნება დაცული – ლოიალობა პატრონი სახელმწიფოს მიმართ და პოლიტიკური სტაბილურობა.

ნათელია, ამით აიხსნება კოკოითის დემონსტრაციული მღელვარება “პროქართული” და “პროდასავლური” ძალების აქტიურობის გამო. ეს მოსკოვისთვის სიგნალია, რომ აი, მიუხედავად ჩემი წასვლისა, მე კვლავინდებურად შენი ერთგული ვარ. მესმის შენი უნდობლობა – ეს არის შედეგი ჩვენი საერთო მტრის  ჩანაფიქრისა.

კოკოითისთვის კვლავ სირთულეს წარმოადგენენ უცერემონიო და თვითნებური კურატორები, რომელთაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მიუღებელი მეთოდის ამოქმედება შეუძლიათ.

თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის ასეთი ეტაპობრივი გეგმა  – პარლამენტში უმრავლესობის მიღების შემდეგ საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლა – ჯდება მოსკოვის პრინციპულ მოთხოვნებში და შეიძლება ეფექტური საშუალება იყოს კურატორების წინააღმდეგ.

მთელ ამ ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველი. 2011 წელს დიმიტრი მედვედევმა ხელი ჩამოართვა ანატოლი ბიბილოვს და არჩევნებში წარმატება უსურვა, რაც პრინციპში იმას ნიშნავდა, რომ ბიბილოვი კრემლის კანდიდატია. თუმცა არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოუგო. 2017 წელს პუტინმა ლეონიდ თიბილოვი საკუთარ ფავორიტად დაასახელა, თუმცა არჩევნებში ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. შესაბამისად, არაფერია წინასწარგანსაზღვრული. კოკოითის, რა თქმა უნდა, შანსები აქვს, თუმცა, რამდენად დიდი, ეს ჯერ არ ვიცით. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, სამხრეთ ოსეთში  ყველა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების დაჯერება სიბრიყვეა.

Eduard Kokoity /EPA/SERGEI CHIRIKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი