ახალი ამბები

კანონპროექტიდან ამოიღებენ უცხოეთში მყოფი ემიგრანტებისთვის საშიშ ჩანაწერს

11 მაისი, 2018 • 3032
კანონპროექტიდან ამოიღებენ უცხოეთში მყოფი ემიგრანტებისთვის საშიშ ჩანაწერს

კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა ან/და მათთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა დასჯადი ხდება, დიდი ალბათობით ცვლილება შევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

კანონპროექტის ავტორებისა და ინიციატორების განცხადებით, ამ კანონპროექტის მიზანი არ არის უცხოეთში უკვე მყოფი ქართველი ემიგრანტების დასჯა  და ყოველგვარი ინტერპრეტაციის გამოსარიცხად ჩანაწერი შეიცვლება.

კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიის თანახმად:

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

კანონპროექტის ჩანაწერმა – ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) – საზოგადოებაში გარკვეული აზრთა სხვადსხვაობა გამოიწვია. მაგალითად, ხომ არ გამოიწვევს ეს ჩანაწერი უცხოეთში მცხოვრები იმ ქართველების სამართლებრივ დევნას, რომლებიც თავის ახლობლებს რაიმე ფორმით დაეხმარებიან.

დღეს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა არჩილ თალკვაძემ განაცხადა, რომ შემდეგი საკომიტეტო მოსმენისთვის ეს ჩანაწერი შეიცვლება ინტეპრეტაციებისაგან თავის ასარიდებლად.

კანონპროექტს მეორე ნაწილიც აქვს, რომლის ამჟამინდელი ვერსია ასეთია და მის თაობაზეც დაიწყო ანალოგიური დისკუსია:

საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

როგორც დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე ითქვა, შემდეგ მოსმენამდე ეს ნაწილიც  იურიდიულად გასწორდება.

ამავე თემაზე გირჩევთ

უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა შესაძლოა დასჯადი გახდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი