უცხოელებზე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე მთავრობა რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა მიიღონ კანონპროექტი, რომლითაც არალეგალური მიგრაციის აღკვეთის დამატებითი მექანიზმი ამუშავდება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მიერ არსებული კანონმდებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა.

„პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას; ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმისწარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით; აგრეთვე, იღებს მოკლევადიან С კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან და აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად 6-წლიანი ვადის 10 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. 12 წლამდე გაიზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადაც, რომლის მაქსიმალური ხანგრძლივობა, არსებული კანონმდებლობით, 6 წელია.

“ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილება 35 000 $-იანი ზღვრის აწევის საკითხი უძრავ ქონებაზე, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად არის აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს საინვესტიციო ზღვრის გადასინჯვაზეც.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის და, რა თქმა უნდა, ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს. ჩვენ, ამ თვალსაზრისით, დავრჩებით ღია ქვეყნად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით, ადამიანებმა შეძლონ, პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ, გაიხანგრძლივონ ქვეყანაში არაკანონიერი ყოფნა, მოითხოვონ ის, რაც მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ და ა.შ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მსჯელობა შემდეგში უკვე პარლამენტში გაგრძელდება,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო ამუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com