ახალი ამბებისაზოგადოება

მდიდრები და ღარიბები – ვის უფრო აწუხებს სიმსუქნის პრობლემა

10 მაისი, 2018 • 7952
მდიდრები და ღარიბები – ვის უფრო აწუხებს სიმსუქნის პრობლემა

ვისი პრობლემაა სიმსუქნე – დაბალი თუ მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების? ამ საკითხზე სოციალურ ქსელში მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის წევრ გუგული მაღრაძის ინტერვიუ გავრცელდა, რომლის თანახმადაც დეპუტატი მიიჩნევს, რომ “რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე”.

საქართველოში მსგავსი ტიპის კვლევები არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა საერთაშორისო კვლევები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” გაეცნო, მოწმობს, რომ ჭარბწონიანობა უფრო პრობლემურია დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებისთვის.

ზემოთ ნახსენებ ინტერვიუს თანახმად, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ “ადამიანებს თუ უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ”. ნეტგაზეთი ცდილობდა დაკავშირებოდა გუგული მაღრაძეს, რათა გამოქვეყნებული ინტერვიუს ავთენტურობა დაედასტურებინა და დამატებითი შეკითხვები დაესვა, თუმცა დეპუტატმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დაკავშირებულია თუ არა სიმსუქნე სოციო-ეკონომიკურ სტატუსთან? არის თუ არა საგანგაშო საქართველოში სიმსუქნის მაჩვენებელი? და რომელი პოლიტიკაა სწორი სიმსუქნესთან ბრძოლისთვის? სწორედ ამ შეკითხვებზე შეეცადა “ნეტგაზეთი” პასუხების მიღებას.

თაკო კვინიკაძეს დიეტების დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის გვიყვება, რომ დიეტის დაცვის დროს მისი რაციონი მინიმუმ სამჯერადი კვებისგან შედგება, საუზმეზე შვრიის ფაფას და იოგურტს მიირთმევს, სადილად ხორცს/თევზს და ბოსტნეულს, ხოლო ვახშამი ხაჭოთი და ყველით სრულდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც მიიჩნევს, რომ ჯანსაღი კვება მრავალფეროვანი და მრავალჯერადი უნდა იყოს, მაგალითად, დღეში ადამიანი 400 გრამამდე ხილსა და ბოსტნეულს უნდა მიირთმევდეს, ცხიმიანი (ღორის) ხორცის ნაცვლად კი დაბალი ცხიმიანობის ხორცს (ქათმის, ხბოს) ან თევზეულს უნდა იღებდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დღიური რაციონში რძის პროდუქტების (კეფირი, მაწონი, იოგურტი და ყველი) არსებობას.

საქართველოში ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის მიხედვით ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 15 ლარიდან 23 ლარამდე მერყეობს, მხოლოდ ქათმის ხორცის ფასია დაახლოებით 8 ლარი. თევზეულის ფასი 7 ლარიდან იწყება და იმპორტირებული თევზის შემთვევაში 50 ლარს აღწევს. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ხაჭოს საშუალო ფასი 2 ლარიდან იწყება, ასევე მინიმუმ 2 ლარი ღირს 500-მილილიტრიანი კეფირი, ყველის ფასი კი 10 ლარზე მეტია.

თაკო ამბობს, რომ დიეტური რაციონი დღიურად 15-დან 20 ლარამდე უჯდება, იმის გათვალისწინებით, თუ რა ღირს ხორცი, თევზეული, ყველი, რძის პროდუქტები და ხილ/ბოსტნეული:

“როცა არ ვიცავ დიეტას, მაქსიმუმ 7-10 ლარამდე მიჯდება დღიური კვება, რადგან ცომეულს ვჭამ და გაცილებით დანაყრებული ვარ” – ამბობს თაკო.

[yellow_box]რას ამბობს სტატისტიკა?[/yellow_box]

2013 წელს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანნა სოუბრიმ განაცხადა, რომ ის ოჯახები, რომლებიც ჭარბწონიანობის რისკის ქვეშ არიან, შემოსავლების მიხედვით, ბრიტანეთის ღარიბ ოჯახებს განეკუთვნებიან.

“ცხადია, ყველა ადამიანი, რომელიც ჭარბწონიანია, არ განეკუთვნება იმ ოჯახებს, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ, თუმცა ეს არის ტენდენცია, რომელიც შეინიშნება. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ადამიანები, ვინც ყველაზე დაუცველნი არიან სოციალური და ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, შეუფერებელ დიეტას მიმართავენ და ეს არის არაჯანსაღი კვება”- განაცხადა ბრიტანეთის მინისტრმა.

ODI -ის მიერ გამოქვეყნებული 2014 წლის ანგარიშის თანახმად,  ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა ორჯერ მეტია ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, 2008 წელს 904 მილიონი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობდა ღარიბ ქვეყანებში, მაშინ, როცა 557 მილიონი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობს განვითარებულ ქვეყნებში. კვლევის ავტორი ამბობს, რომ განვითარებად ქვეყნებში ჭარბწონიანობის და სიმსუქნის ზრდა შემაშფოთებელ ზღვარს აღწევს. ცხიმის მოხმარება შეშფოთების საგანია, განსაკუთრებით- აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის სამხრეთ ნაწილში.

კიდევ ერთი, 2015 წლის კვლევა ამბობს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებში ბავშვები გაცილებით უფრო არიან ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილი, ვიდრე მაღალი შემოსავლების ოჯახებში. ანგარიშის თანახმად, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის და ნაკლები სოციო-ეკონომიკური სარგებლის გამო ყველაზე ღარიბი ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ. ამავე კვლევის თანახმად, ბრიტანეთში ბავშვების სიმსუქნე შემცირდა, თუმცა ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებელმა იმატა დაბალი შემოსავლების  მქონე ოჯახებში, რადგან მათთვის ჯანსაღი საკვები ნაკლებად ხელმისაწვდომია.

მდიდარი ოჯახები საერთო შემოსავლების 35%-ს ხარჯავენ კვებაზე, ხოლო ღარიბი ოჯახები- შემოსავლების მხოლოდ 12%-ს და ეს საკვები, როგორც წესი, არაჯანსაღია.

სიღარიბისა და სიმსუქნის კორელაციას ხშირად 1 დოლარის მაგალითით ხსნიან. როდესაც ადამიანს აქვს ერთი დოლარი, იგი ცდილობს, რომ იაფად მაღალი ენერგეტიკული ღირებულების საკვები შეიძინოს. 1 დოლარად შეუძლია 1 000 კკალ-ის შემცველი ჩიფსი ან ტკბილი ორცხობილა შეიძინოს, როდესაც, 1 დოლარი, მხოლოდ 250 კკალ-ის შემცველი სტაფილოსთვისაა საკმარისი.

[yellow_box]რა ვითარებაა საქართველოში[/yellow_box]

წონასთან და კვებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავებაში. შემდეგ კი გავრცელდა მისი მოსაზრება, რომ საქართველოში ჭარბწონიანობა პრობლემა სიღარიბის გამო არაა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად  საქართველოში მოსახლეობის 21.1%-ს აწუხებს სიმსუქნის პრობლემა. ამ მხრივ საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებლი აქვს მეზობელ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ასეთი მონაცემებია:

 

[checklist]

  • აზერბაიჯანი – 23.8%
  •  სომხეთში  – 24%;
  • რუსეთი – 26.5%;
  • თურქეთი – 27.8% .

[/checklist]

 

ეს სტატისტიკა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)  ეკუთვნის, რომელიც ბოლოს 2014 წელს განახლდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2015 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ამბობს, რომ წლების მანძილზე საქართველოში სიღარიბის ტენდენცია კლებულობს, თუმცა ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

ამავე ანგარიშის თანახმად, ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონე მოსახლეობაში 18.4 პროცენტია. კვლევა ამბობს, რომ იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.

[yellow_box]პოლიტიკა ჭარბწონიანობის და სიმსუქნის წინააღმდეგ[/yellow_box]

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სიმსუქნესთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა მისი წინა განცხადებები მიანიშნებს ტკბილეულის ფასის შესაძლო რეგულაციაზე.

ნეტგაზეთმა მაღრაძეს ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა, როცა განაცხადა, რომ ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ტკბილეულის ფასის კონრტოლი .

“ძალიან ძნელია, წინასწარ თქვა, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ვთქვათ, სიგარეტზეც არის აქციზი… ეს არის კომპლექსური საკითხი, ამას სჭირდება სერიოზული დაგეგმვა,” – აღნიშნავს მაღრაძე.

შაქრის მაღალი ოდენობით შემცვლელ პროდუტებზე დამატებითი გადასახადის დაწესება მართლაც არის ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგია, ეს სტრატეგია მხარდაჭერილია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაც, თუმცა ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ ამავდროულად ჯანსაღი საკვები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლების მქონე ხალხისთვის.

გადასახადების ზრდა შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტებზე ძირითადად სასმელებს ეხება და მსოფლიოს 26 ქვეყანაში არსებობს. ქვეყნების მიხედვით განსხვავდება გადასახადების ოდენობა.

გარდიანი კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ მელბურნის საავადმყოფოში, მაგალითად, 17 კვირის განმავლობაში 27 %-ით შემცირდა ტკბილი სასმელების მოხმარება მას შემდეგ, რაც ამ სასმელებზე ფასი 20 %-ით გაიზრდა.

მექსიკაში იმავე რეგულაციის ამუშავების შემდეგ 2 წლისთავზე კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ 9.7%-ით შემცირდა ტკბილი სასმელების მოხმარება, თუმცა ეს კვლევა ასევე ამბობს, რომ 2 წელი არ არის საკმარისი დრო გრძელვადიანი ეფექტის შესაფასებლად.

გარდიანი ასევე წერს, რომ გადასახადების აწევა შაქრიან სასმელებზე გავლენას იქონიებს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე, მათი დანახარჯები წლიურად მინიმუმ 5 აშშ დოლარით გაიზრდება. მათივე ცნობით, ეს არ შეიძლება ერთადერთი ნაბიჯი იყოს და სიმსუქნის პრევენციას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის ჯანსაღ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი