ახალი ამბები

14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეფერირების ცენტრის შექმნა იგეგმება

10 მაისი, 2018 • 3216
14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეფერირების ცენტრის შექმნა იგეგმება

დღეს, 10 მაისს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული ქცევის ბავშვებს.

იმის შესახებ, რომ ამ დროისთვის საქართველოს არ აქვს 14 წლამდე პრობლემური ქცევის მქონე ბავშვების გადამისამართების მექანიზმი, არაერთი არასამთავრობო და სახელმწიფო უწყება საუბრობს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, კონცეფციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა,შეადგინა გადამისამართების ცენტრის შექმნისათვის საჭირო სავარაუდო ბიუჯეტი და რეკომენდაცია გაუწია იმ უწყებებსაც, რომელთა ბაზაზეც შეიძლება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი შეიქმნას. ესენი შეიძლება იყვნენ  სოციალური მომსახურების სააგენტო ან დანაშაულის პრევენციის ცენტრი.

კონცეფციის თანახმად, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იქნება მაკოორდინირებელი ორგანო და დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვებს გადაამისამართებს სხვადასხვა  ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს, აგრეთვე, კერძო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში. ამასთან, უზრუნველყოფს თითოეული ასეთი არასრულწლოვნის შემდგომ მონიტორინგს შესაბამისი პროგრამისა თუ სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

სამუშაო ჯგუფის კონცეფციის თანახმად, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში შემდეგნაირად გამისაზღვრება თითოეული მონაწილე ორგანოს, უწყების თუ ორგანიზაციის როლი:

  • “არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საჯარო და კერძო სკოლებისაგან მიიღებს  ინფორმაციას ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსაგან კი − მიუსაფარი ბავშვების თაობაზე. გარდა ამისა, ცენტრისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ექნება ყველა იმ უწყებას, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მათ შორის, შსს-ს, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტს და სხვას. უწყებები პრობლემური ქცევის ბავშვებს რეფერირების ცენტრში გადაამისამართებენ;
  • ცენტრის თანამშრომლები ინდივიდუალურად შეაფასებენ თითოეულ არასრულწლოვანს და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, სოციალურ მუშაკთან გასაუბრებით დაადგენენ,  რა არის არასრულწლოვნის რთული ქცევის მიზეზი და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის. რეფერირების ცენტრის თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ სარეაბილიტაციო პროგრამებში/სერვისებში არასრულწლოვნის მონაწილეობა სავალდებულო იქნება;
  • ცენტრი რეგულარულად განახორციელებს კონკრეტულ პროგრამებში ჩაბმული არასრულწლოვნის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს და ეფექტიანობის შეფასებას. გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილი უნდა იყოს, კორექტივები შეიტანოს არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პროგრამასა თუ სერვისში ან ჩაანაცვლოს ის სხვა პროგრამით/სერვისით;
  • ცენტრი წარმართავს ბავშვთა რესოციალიზაციის პროგრამას, შექმნის პრობლემური ქცევის მქონე 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა ერთიან ბაზას, შეიმუშავებს მექანიზმებს მათი დროული იდენტიფიცირებისათვის, ინდივიდუალურად შეაფასებს თითოეულ მათგანს და შეურჩევს შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამას/სერვისს, განახორციელებს შერჩეული პროგრამის/სერვისის მონიტორინგს და შეაფასებს მის ეფექტიანობას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი