ომბუდსმენი: თანდოიანცის ეკლესია საპატრიარქოს გადასცეს სათანადო დასაბუთების გარეშე

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომ შეეჩერებინა თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ეკლესიის იერსახეს ცვლის.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სააგენტო შემოიფარგლა ძეგლზე გაცემული კვლევითი სამუშაოების ნებართვაზე მითითებით და არ შეამოწმეს სანებართვო პირობების შესრულება.

ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს იმას, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ შეაჩერა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები და ეფექტურად არ ეცადა, ძეგლის იერსახე შეენარჩუნებინათ, მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტომასალა უწყებას ატყობინებდა იერსახის ცვლილების თაობაზე.

ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა ქონების ეროვნულ სააგენტოსაც, რომ თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება ბათილად ეცნოთ, თუმცა მათ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ საპატრიარქოსათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელმა უწყებებმა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე მიიღეს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია მისი სომხური ეკლესიისადმი კონფესიური კუთვნილების თაობაზე, კედელზე შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა, რომელიც მის აღმაშენებელზე, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცზე უთითებს და სხვა. ამასთან, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შენარჩუნების აუცილებლობაზე, მიუთითებს ომბუდსმენი.

რეკომენდაციაში ხაზი გაესვა საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემასაც, რომელთა შორისაა თანდოიანცის ეკლესია.

“როგორც არაერთხელ იქნა აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, ამ დრომდე გადაუჭრელია სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი”, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თანდოიანცის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N38-ში მდებარეობს. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეკლესია საპატრიარქოს გადასცა 2017 წლის აპრილში. რის შემდეგაც საპატრიარქომ დაიწყო ძეგლზე სამუშაოები, საპატრიარქოს გეგმის მიხედვით, ეკლესია ისე შეიცვლება, რომ იგი პირვანდელ სახეს დაკარგავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com