ახალი ამბებიგართობასაზოგადოებახელოვნება

Childish Gambino-ს ამერიკა – 5 მესიჯი ვიდეოკლიპიდან

10 მაისი, 2018 • 3385
Childish Gambino-ს ამერიკა – 5 მესიჯი ვიდეოკლიპიდან

ჰიპ-ჰოპ არტისტის, Childish Gambino-ს ახალი სიმღერის “ეს ამერიკაა” ვიდეოკლიპს  გამოქვეყნებიდან 5 დღეში Youtube-ზე უკვე 61 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებასა თუ სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, გთავაზობთ დონალდ გლოვერის (Childish Gambino) კლიპში გამოყენებულ 5 მესიჯს, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ კლიპის პირველად ნახვისას:

1. ჯიმ ქროუს კარიკატურის იმიტაცია

ჯიმ ქროუს პერსონაჟი (Jim Crow) 1830 წელს, დედი რაისის სიმღერიდან გაჩნდა. თეთრკანიანი დედი რაისი სიმღერის შესრულებისას სახეს ნახშირით იღებავდა და აფროამერიკელი კაცის პაროდიას აკეთებდა. ჯიმი ქროუს პერსონაჟი იმდროინდელ ამერიკაში მალევე გახდა პოპულარული და მას არაერთი კომიკოსი და მსახიობი იყენებდა. წარმოდგენები გაჯერებული იყო რასისტული სტერეოტიპებით და პერსონაჟი მალევე გახდა რასისტული სეგრეგაციის სახე.

ვიდეოკლიპის დასაწყისში Childish Gambino-ს მოძრაობები ჯიმ ქროუს პოპულარული პოსტერის იმიტაციაა.

2. იარაღის საკრალიზაცია

პირველი შოკისმომგვრელი სცენა, რომელსაც ვიდეორგოლში ვხედავთ, თავზე ტომარაჩამოცმული კაცის მკვლელობაა, რომელიც სიკვდილით დასჯის პროცესის ასოციაციას უტოვებს მაყურებელს. მკვლელობის შემდეგ მომღერალი იარაღს სხვა ადამიანს გადასცემს, რომელიც კადრში წითელი ნაჭრით შემოდის და მკვლელობის იარაღი განსაკუთრებული პატივით მიაქვს. რამდენიმე წამში კი უკანა ფონზე ჩანს, როგორ მიათრევენ გარდაცვლილის სხეულს. მსგავსი სცენა ვიდეორგოლში კიდევ მეორდება. ამ შემთხვევაშიც, იარაღს მეტი პატივისცემით ეპყრობიან, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს ან გარდაცვლილთა სხეულებს.

3.  თავდასხმა ჩარლსტონის ეკლესიაში

მეორე სცენაში, სადაც შეიარაღებული თავდასხმაა აღბეჭდილი, საეკლესიო გუნდი ჩანს. Childish Gambino-ს ფანებმა მალევე შენიშნეს, რომ სცენა ჩარლსტონის ეკლესიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმითაა შთაგონებული.

ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც 9 შავკანიანი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამხრეთ კაროლინის ეკლესიაში 2015 წელს მოხდა. 20 წლის კაცი ეკლესიის შენობაში შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღით ხალხი ჩაცხრილა. თავდასხმა რასისტული მოტივით იყო განპირობებული. ამ სცენაშიც ვაწყდებით იარაღის საკრალიზაციას. 

4.  ცეკვის დატვირთვა ვიდეოკლიპში

ვიდეორგოლში ცეკვის დატვირთვას სოციალურ ქსელებში განსხავებულად ხსნიან. ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, შემსრულებლის მოძრაობები მაყურებლის ყურადღებას იპყრობს და ფონზე მიმდინარე ქაოტური მოვლენები ნაკლებად შესამჩნევია.

სანამ კამერა დონალდ გლოვერზეა კონცენტრირებული, მის უკან მოვლენები ქაოტურად ვითარდება. სხვადასხვა ხელსაწყოებით შეიარაღებული ადამიანები დარბიან და ავტომობილებს არბევენ. კადრში ჩანს შავებში შემოსილი მხედარიც თეთრი ცხენით, რომელსაც მუსიკოსის ფანებმა ბიბლიური აპოკალიფსის მხედარს დაუკავშირეს.

ეს თეორია საკუთარ “ტვიტერ” გვერდზე ვიდეორგოლის ქორეოგრაფმაც დაადასტურა.  შერი სილვერმა საკუთარ კედელზე გადაიტანა მომხმარებლის “ტვიტი”, რომელიც წერდა, რომ Childish Gambino-ს მოძრაობებს მაყურებლის ყურადღება გადააქვს მის უკან მიმიდნარე მოვლენებიდან.

მომღერალი და სასკოლო ფორმაში გამოწყობილი მოცეკვავეები შეიარაღებული ძალადობის შემდეგ ცეკვას აგრძელებენ, ამის აქცენტირების მიზანი კი შეიძლება ამერიკელების რეაქციის ჩვენება იყოს. თუ როგორ არ აქცევენ ყურადღებას ძალადობის ფაქტებს.

5. ვიდეოკლიპის ბოლო სცენა

ვიდეოკლიპის ბოლო სცენაში Childish Gambino ბნელ დერეფანში ადამიანებს გაურბის, რომლებიც მას მოსდევენ. სცენა ძალიან ჰგავს ეპიზოდს ფილმიდან Get Out (2017), როდესაც ფილმის აფროამერიკელი პერსონაჟი  “მენტალურ ციხეშია” გამომწყვდეული. ფილმი რასიზმის თანამედროვე ფორმებზე მოგვითხრობს.

დამთხვევა არც ის უნდა იყოს, რომ სწორედ Get Out-ში მთავარი როლის შმესრულებელმა, დენიელ კალუიამ წარადგინა მომღერალი Saturday Night Live-ის ეთერში, სადაც სიმღერის პრემიერა შედგა. გარდა ამისა, Childish Gambino-ს სიმღერა ფილმის საუნდტრეკადაცაა გამოყენებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი