ახალი ამბები

ფოთში ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების საწმენდი “კროტი” გასინჯეს

10 მაისი, 2018 • 8428
ფოთში ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების საწმენდი “კროტი” გასინჯეს

გუშინ, 9 მაისს, ფოთში ორ მცირეწლოვან (უფროსი მე-4 კლასელია) ბავშვს მაღაზიაში, სავარაუდოდ, ტკბილეულის ნაცვლად შეცდომით მიჰყიდეს მილების საწმენდი საშუალება “კროტი”, რომელიც ბავშვებმა გასინჯეს და შედეგად – საჭირო გახდა ორივეს საავადმყოფოში გადაყვანა.

როგორც ნეტგაზეთს მაღაზიის წარმომადგენელმა განუცხადა, 4 წლის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია, ქუთაისში მკურნალობს.

იაშვილის კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ფოთიდან გადმოყვანილი ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“პირის ღრუ აქვს დამწვარი და მკურნალობა მიმდინარეობს. საშუალო სიმძიმისაა. მიმდინარეობს მკურნალობა და უტარდება კვლევები. იაშვილის კლინიკის ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში არის მოთავსებული”- გვითხრეს იაშვილის კლინიკაში.

ვესაუბრეთ “ბევრილი ჯგუფის” გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი კოროხაშვილს, რომელმაც გვითხრა:

“გამყიდველმა დაუშვა შეცდომა და იმის ნაცვლად, რომ ბავშვისთვის მიეცა ტკბილეული, მისცა “კროტი”, როგორ შეეშალა, არ ვიცი,”- გვითხრა მან.

მისივე თქმით, გამყიდველი ძალიან უყურადღებოდ მოიქცა და სავრაუდოდ, მათთან აღარ იმუშავებს.

“მე მშობლის ძალაინ კარგად მესმის და ძალიან ცუდი რეაქცია მექნებოდა… ეს იყო ადამიანის შეცდომა და არა ის, რომ ჩვენ ტკბილეულის ნაცვლად ქიმიურ საშუალებებს ვყიდით,” – ამბობს გიორგი კოროხაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებენ სამუშაოს ორ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი