დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს – მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ფიქობს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ ყაველაშვილმა ძიუდოს ფედერაციის ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩემი აზრია, რომ ამ მდგომარეიბაში, რა კითხვებიც არსებობს, რა პასუხებიც მოვისმინე, და მანამდე რაც ვიცოდი, არ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი, რადგან მას ვალდებულება გააჩნია ამ სპორტსმენების წინაშე და მთლიანად იმ პროცესზე, რასაც ძიუდოს ფედერაცია აკეთებს,” – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა 12:00 საათიდან მიმდინარეობს სასტუმრო ბილტმორში, რომელსაც მხოლოდ დავით ქევხიშვილი და მისი მომხრეები ესწრებიან. ვარლამ ლიპაეტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და სხვა სპორტსმენებმა, რომლებიც ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ, უარი თქვეს ყრილობაში მონაწილეობაზე.

მათ მხოლოდ განცხადება გააკეთეს და დატოვეს სასტუმრო, რასაც სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე არ ემხრობოდა.

“მე ვესწრებოდი ყრილობას. მათ [ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი და ქევხიშვილთან დაპირისპირებული სხვა მოჭიდავეები] დაგვიანებით მოითხოვეს დასწრება. რამდენიმე შემოვიდა და მერე ყველას შემოსვლაზე მიიღეს თანხმობა. ჩემი თხოვნა იყო, რომ დამსხდარიყვნენ და კონსტრუქციულ რეჟიმში განეცხადებინათ თავისი პრეტენზიები. სამწუხაროდ, ეს არ სურდათ მათ. სხვა ფორმატი უნდოდათ. უბრალიდ, განცხადება გააკეთეს და დასვეს რამდენიმე კითხვა. ვუთხარით, რომ გასაგებია, მივეცით საშუალება პასუხის გაცემის [ქევხიშვილს], თუმცა პასუხს არ დაელოდნენ და დატოვეს ფორმატი (დარბაზი, ყრილობა). რთული იყო პასუხის გაცემა, მაგრამ აღარ მოისურვეს დარჩენა და მოსმენა. შეატყობდით, რომ საკმაოდ განერვეულებულები არიან და ამას აღნიშნავდნენ,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს პასუხის გაცემის ვალდებულება აქვს საზოგადოებასა და წამყვან სპორტსმენებში გაჩენილ კითხვებზე:

“ჩემი რჩევა იყო, რომ მედიის წინაშე წარდგეს დავით ქევხიშვილი და ყველა დასმულ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. ალბათ, ამას გააკეთებს იმიტომ, რომ ვალდებულება გააჩნია ძიუდოს ფედერაციასთნ, დელეგატებთან და საზოგადოებასთან.”

დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით, ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაძლიერებული კერძო დაცვის თანხლებით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com