ახალი ამბები

საპატრიარქო 17 მაისს საყოველთაო ჯვრისწერებს გამართავს

10 მაისი, 2018 • 8546
საპატრიარქო 17 მაისს საყოველთაო ჯვრისწერებს გამართავს

საპატრიარქოს ჩოხოსნები გეგმავენ, რომ 17 მაისს საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერები გამართონ. როგორც ჩოხოსნებმა განგვიცხადეს, დაახლოებით 400 წყვილი დაიწერს ჯვარს.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა მეთაურმა ზვიად სეხნიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქმე ეხება ძირითადად იმ წყვილებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯვარი აქამდე არ ჰქონდათ დაწერილი. სეხნიაშვილის თქმით, ჯვრისწერები მთელ საქართველოში გაიმართება 17 მაისის წირვის შემდეგ.

რაც შეეხება თბილისს, დაგეგმილია 20 წყვილის ჯვრისწერა, რომელიც სავარაუდოდ მსვლელობამდე გაიმართება. ზვიად სეხნიაშვილმა გვითხრა, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, დაამთხვიეს ჯვრისწერა. შემდეგი ჯვრისწერა 2–3 თვის შემდეგაც გაიმართება.

“პატრიარქის ნათლულები გვყავს ჩართული – პატარა ჩოხოსნები ამ წყვილებთან არიან, დიდი ჩოხოსნები კიდევ, ჯვარს რომ დაიწერენ, ხმლების ქვეშ გაატარებენ. ძალიან ლამაზი ცერემონიალია”, – გვითხრა ზვიად სეხნიაშვილმა.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს. მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი