ახალი ამბები

შეწყვეტილი $40-მილიარდიანი კონტრაქტები – ირანი ახალი თვითმფრინავების გარეშე რჩება

10 მაისი, 2018 • 2968
შეწყვეტილი $40-მილიარდიანი კონტრაქტები – ირანი ახალი თვითმფრინავების გარეშე რჩება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ პირდაპირ გავლენას მოახდენს ავიაინდუსტრიაზე.

სანქციების ხელახლა ამოქმედების შემდეგ ამერიკული “ბოინგი” და ევროპული “ეარბასი” ვალდებულნი იქნებიან, შეწყვიტონ ნებისმიერი სახის კომერციული სახის თანამშრომლობა ირანულ ავიაკომპანიებთან. ეს ნიშნავს, რომ “ბოინგმა” უნდა გააუქმოს $19 მილიარდად შეფასებული კონტრაქტი, რაც უახლოეს წლებში ირანული ავიაკომპანიებისთვის 100-ზე მეტი ახალი სამგზავრო თვითმფრინავის გადაცემას ითვალისწინებს. გადასაცემ თვითმფრინავებს შორისაა დიდი ზომის ბოინგ 777, რაც კონტინენტშორისი მგზავრობისთვისაა გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ “ეარბასი” ევროპული კომპანიაა, ამერიკული სანქციები მასზეც მოახდენს გავლენას და მოუწევს, “ბოინგის” მსგავსად, შეწყვიტოს $20-მილიარდიანი კონტრაქტი და ირანულ ავიაკომპანიებს არ მიაწოდოს ახალი თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები. “ეარბასის” რამდენიმე ქარხანა აშშ-ში მდებარეობს, ასევე, ის თვითმფრინავების ასაწყობად ამერიკული კომპანიების დეტალებს იყენებს.

“ბოინგმა” და”ეარბასმა” ირანულ ავიაკომპანიებთან შეთანხმებას 2015 წელს, მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ირანთან მიაღწიეს ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას. ამ პირობის თანახმად, ირანს უნდა შეეწყვიტა ურანის გამდიდრება, სანაცვლოდ კი მას მოეხსნებოდა ყველა სახის ეკონომიკური სანქცია. სანქციების გაუქმებამ ირანს საშუალება მისცა, ეზრუნა ავიაბაზის განახლებაზე. ირანული ავიაკომპანიების ბალანსზე ამ დროისათვის ყველაზე ძველი თვითმფრინავები ირიცხება და მას არ აქვს საშუალება, ავიაპარკი განაახლოს. აღნიშნული პრობლემას უქმნის ირანული ავიაკომპანიების უსაფრთხოდ ოპერირებას. გარდა ამისა, ისინი ვერ ასრულებენ პირდაპირ რეისებს შორი მიმართულებებით, მათ შორის, ვერც აშშ-ში.

გარდა ირანული ავიაკომპანიებისთვის შექმნილი სირთულეებისა, ტრამპის ახალი სანქციები პრობლემას წარმოადგენს “ბოინგისა” და “ეარბასისთვისაც”. მართალია, ავიაწარმოება მუდმივად იზრდება, მაგრამ $40-მილიარდიანი კონტრაქტის გაუქმება ორივე ავიაკომპანიისთვის ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეს ინდუსტრიის დაგეგმილი წარმოების 2 პროცენტია.

2015 წლიდან დღემდე მხოლოდ “ეარბასმა” მოასწრო ირანისთვის სამი ახალი თვითმფრინავის მიწოდება.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ოთხი ირანული ავიაკომპანია დაფრინავს. ესენია:

  • Qashm Air;
  • Iran Aseman Airlines;
  • ATA Airlines;
  • Taban Air.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი