ძაღლის ყოლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა – კვლევები

ძაღლის პატრონობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც შეიძლება იყოს. კვლევის თანახმად, ძაღლის მეპატრონეებს 23%-ით უფრო იშვიათად აქვთ გულის სხვადასხვა დაავადებები, ვიდრე მათ, ვისაც ძაღლი არ ჰყავთ. ამის შესახებ The Guardian წერს.

აღნიშნულ კვლევაში, რომელიც შვედეთში ჩატარდა, 3.4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 40-დან 80 წლამდე მერყეობდა. კვლევა 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასკვნის მიხედვით, ძაღლის მეპატრონეებში გულის დაავადება 23%-ით უფრო მცირე იყო, ხოლო სხვა რაიმე მიზეზის გამო სიკვდილის მაჩვენებელი 20%-ით დაბალი.

თუმცა, გარდა გულის პრობლემების სიმცირისა, კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ავსტრალიისა და აშშ-ის რამდენიმე შტატის მასშტაბით ჩატარდა, ძაღლის პატრონები უფრო კომუნიკაბელურნი არიან და მათ უფრო იშვიათად უვითარდებათ დეპრესია.

ძაღლის პატრონები უკეეთ უმკლავდებიან სტრესს, მათი არტერიული წნევა ნაკლებად მერყევია, უფრო მეტად აქტიურები არიან, ხოლო მათ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე მცირედით უფრო ნაკლებია – ამბობს კიდევ ერთი კვლევა, რომელშიც 3 123 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 18%-ს  ჰყავდა ძაღლი.

დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ, ადამიანის გულზე ძაღლის ყოლის პოზიტიური ეფექტის არსებობაზე ამერიკული კარდიოლოგური ასოციაციაც საუბრობს. თუმცა მათი განცხადება, რომელიც 2013 წელს გავრცელდა, არ იყო მტკიცებითი, რადგან, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ძაღლის ყოლა “შესაძლოა” იყოს უკეთესი.  ასეთი შეფასების მიზეზი ნაწილობრივ ისიც არის, რომ საკითხის ირგვლივ ჩატარებული კვლევათა უმეტესობა უფრო “დაკვირვებითი” ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მკვლევრები ადასტურებენ კავშირს, თუმცა ვერ ასახელებენ მიზეზს. ეს კი, თავის მხრივ, ითვალისწინებს, რომ გულის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე შინაური ცხოველების პატრონებში სხვა ფაქტორებსაც აქვთ ზეგავლენა. მაგალითად, ძაღლების უმეტესობა გასეირნებას საჭიროებს, ხოლო მეტი ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ტოვ ფოლი, რომელიც შვედური კვლევის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ ყველაზე კარგი შედეგი იმ ადამიანებმა აჩვენეს, რომლებიც ძაღლის მოყვანამდე მარტო ცხოვრობდნენ.

“შესაძლოა, ძაღლთან ერთად ცხოვრება, ჯანმრთელობის რისკების შემცირების თვალსაზრისით, სხვა ადამიანთან ცხოვრების ეკვივალენტია,” – აცხადებს მკვლევარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან