ახალი ამბები

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა განმარტავს, რატომ შეხვდა შსს–ს ჰესებთან დაკავშირებით

10 მაისი, 2018 • 1149
სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა განმარტავს, რატომ შეხვდა შსს–ს ჰესებთან დაკავშირებით

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა განმარტავს, თუ რატომ შეხვედნენ მისი წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მესტიაჭალაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.

სვანეთის ახალგაზრდულ მოძრაობის აზრით, მიღწევაა ის დაპირება, რომელიც ამ შეხვედრაზე მიიღეს, რომ სვანეთში ჰესებს არ ააშენებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე.

“მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად ხალხის დაგვიანებული რეაქციისა, მიმდინარეობდა აქტიური საპროტესტო აქციები. მიზანდასახულობა ამ აქციებისა იყო მიგვეღწია მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობის შეჩერებისთვის, ან შეგვეჩერებინა და კალაპოტში მოგვექცია ის ხელაღებულად დაგეგმილი 54 ჰესის მშენებლობა.

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის ძალისხმევით, რაც არ იყო ადვილი, დაიდო მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი: არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ არცერთი პროექტი და ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და ხალხის თანხმობის გარეშე არ აშენდება. მეორე: კონრეტულად მესტია-ჭალა ჰესის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ჩართული იქნებიან ხალხის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები, რომელთა არგუმენტირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული. მესამე: მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს გარკვეული ოდენობის თანხა. ჩვენ მოვითხოვეთ, შეიქმნას ზემო სვანეთის განვითარების ფონდი, სადაც კომპანია დამატებით ყოველწლიურად შეიტანს სოლიდურ თანხას, რომლის მიზნობრიობასა თავად განკარგავს ადგილობრივი მოსახლეობა.

მათ საყურადღებოდ, ვინც შემდგარ შეხვედრაში მონაწილეებს, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, შევახსენებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობა და შესრულებული იყო სამუშაოს 60%-ზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას პროტესტის განცდა არ ჰქონია და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ამ შეხვედრაში მონაწილე პირების ძალისხმევა და მათ მიერ ხალხის გამოღვიძება. სამწუხაროა, როდესაც პიროვნებები ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ ამ შეხვედრის შესახებ. გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მათი ქმედება. ეს ნაბიჯი იყო ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ, ჩვენი აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი. ღმერთმა უწყის, რომ ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს და გავაკეთეთ ის, რაც შევძელით. თუკი ვინმე თვლის, რომ ამაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ღმერთმა ხელი მოუმართოს”, – წერია ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 9 მაისს გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილეს მშენებარე ჰესების – „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ – მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი. შსს–ს ცნობით, შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც შსს, ისე სხვა სახელმწიფო უწყება, მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირის გარეშე, რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

ამ გადაწყვეტილებას ნეტგაზეთთან გამოეხმაურა  ერთ-ერთი აქტივისტი, დავით გულბანი. როგორც მან გვითხრა, სამინისტროების გადაწყვეტილებას მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი უჭერს მხარს, რომელიც მათ სიტყვაზე ენდობა, დანარჩენს კი კვლავ საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

პროტესტი მესტიაჭალა ჰესის წინააღმდეგ: მესტიაში ადგილობრივებმა ტექნიკას გზა გადაუკეტეს

საერთო აქცია ჰესების წინააღმდეგ ჭუბერში

თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი