ახალი ამბები

გერმანიიდან საქართველოს 70-მდე მოქალაქე გამოაძევეს

9 მაისი, 2018 • 3928
გერმანიიდან საქართველოს 70-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან საქართველოს 70-მდე მოქალაქე გამოაძევეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში გერმანიიდან ჩარტერული რეისით  განხორციელდა.

“ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან.  უწყებაში ამბობენ, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.

რეადმისირებულთა სპეციალური რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 მაისს, საღამოს დაეშვა.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბრისას “ფრონტექსის” მონიტორინგის სამსახურის დამკვირვევებელი, ირმა ცირამუა ამბობს, დეპორტირებულებს შორის ის პირები არიან, რომლებმაც ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, თავშესაფარზე უარი ეთქვათ და უკან დააბრუნეს:

“სამწუხაროა ამის აღნიშვნა, თუმცა ძირითადი მოტივი არის საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე და სამედიცინო საჭიროებები. აქედან გამომდინარე, მიდიან ევროპაში და თავშესაფარში ბარდებიან” – ამბობს ირმა ცირამუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი