ახალი ამბებიეკონომიკა

რა გავლენას მოახდენს ახალი საბანკო რეგულაციები ძიძებზე, ტაქსის მძღოლებსა და სხვებზე

10 მაისი, 2018 • 4562
რა გავლენას მოახდენს ახალი საბანკო რეგულაციები ძიძებზე, ტაქსის მძღოლებსა და სხვებზე

ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებული რეგულაციები იმ ადამინებს გაურთულებს სესხის აღებას, რომლებსაც დადასტურებული შემოსავალი არ აქვთ. სებ-ის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებებით, მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება.

7 მაისიდან ბანკში სესხის ასაღებად საჭიროა სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია. როგორ უნდა დაადასტურონ საკუთარი შემოსავლების შესახებ თვითდასაქმებულებმა (ტაქსის მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები)? ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკი თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით უნდა დარწმუნდეს, რომ მსესხებელი მუშაობს და შემოსავლები გააჩნია. სებ-ში ამბობენ, რომ მსესხებლის შემოსავლების გადასამოწმებლად ბანკებს შიდა მექანიზმები გააჩნიათ.

“ე.წ დამოუკიდებელი პრაქტიკითა და თვითდასაქმებულ პირებთან მიმართებაში ბანკი უნდა დარწმუნდეს, რომ მსესხებელი მართლაც მუშაობს და გააჩნია შემოსავლები. აღნიშნულისათვის კი ბანკებს გააჩნიათ შიდა პროცედურები და დამკვიდრებული პრაქტიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს შემოსავლების არსებობის გადამოწმება თითოეულ მსგავს შემთხვევასთან მიმართებაში. შესაძლებელია, რომ მსგავსი აქტივოებებით დაკავებული პირი ოპერაციებს არ აწარმოებდეს საბანკო ანგარიშების გამოყენებით და, ბუნებრივია, მხოლოდ აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება კლიენტისათვის სესხის მიცემაზე უარის თქმის საფუძველი,” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მანანა რვა წელია, რაც ძიძად მუშაობს. როგორც ის ამბობს, ამ ხნის განმავლობაში სხვადახვა ბანკის მომსახურებით სარგებლობდა.

“აქამდე არცერთ ბანკში პრობლემა არ შემქმნია არც სესხზე და არც განვადებაზე. ყოველთვის უპრობლემოდ ვიღებდი სესხს და არცერთ ბანკში გადაცდომა არ მქონია. ბანკმა ჩემს დამსაქმებელთან თავიდან გადაამოწმა, ვმუშაობდი თუ არა მასთან ძიძად. ამის შემდეგ ძალიან მალე დამჭირდა სესხის აღება და ბანკს უკვე აღარ გადაუმოწმებია ეს ინფორმაცია,” – ამბობს მანანა. რესპონდეტის თქმით, ახალი რეგულაცია მასზე უარყოფითად აისახება, რადგან აქამდე ბანკის სესხით ხშირად სარგებლობდა.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ არადეკლარირებული შემოსავლების მქონე პირებმა, მაგალითად, როგორებიც ტაქსის მძღოლები არიან, სესხის ასაღებად შემოსავლების სამსახურში რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ახალი საგადასახადო წესით, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველ ივლისს შევა ძალაში, ამ ადამიანებს გადასახადის სახით მცირე თანხის გადახდა მოუწევთ.

“ეს ადამიანი შემოსავლების სამსახურში როგორც გადასახადის გადამხდელები, ისე უნდა დარეგისტრირდნენ და თავიანთი ბრუნვის 1% გადაიხადონ. მათ შემოსავლებს ბანკი ისედაც სწავლობდა, მაგრამ ეს იყო დაუდასტურებელი. ახლა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ეს შემოსავლები დაადასტურონ. ამ შემთხვევაში, მათ სესხის აღებისას არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ბანკში ასევე გაითვალისწინებენ, აღებული სესხის მომსახურებაზე შემოსავლის რა რაოდენობა უნდა გადაიხადოს მსესხებელმა,” – აცხადებს ზურაბ გვასალია. ცვლილებები, რომლებზეც ზურაბ გვასალია საუბრობს, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში უახლოეს პერიოდში გეგმავს

“შავი ბაზრის” საფრთხე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტება გაავრცელა ფინანსებზე მოთხოვნის არარეგულირებად, ჩრდილოვან ეკონომიკაში შესაძლო გადასვლის საფრთხის შესახებ. კერძო მევახშეებზე საუბრისას სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსახლეობა კრედიტის ასაღებად კერძო მევახშეს არ მიმართვს, რადგან სესხის გაცემის სერვისი საკმაოდ დიდ რეკლამირებას საჭიროებს და კერძო პირები ამას ვერ შეძლებენ.

“ე.წ შავი ანუ ჩდრილოვანი ბაზარი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სესხებზე არსებული მოთხოვნა შავ ბაზარზე გადაინაცვლებს. მსგავსი სესხები საკმაოდ დიდ რეკლამას საჭიროებს. ამ მასშტაბზე გასვლა (კერძო მევახშეებისთვის) საკმაოდ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, თანხების გადადინების დიდი რისკი არ არსებობს,” – აცხადებს კობა გვენეტაძე.

კერძო მევახშეებთან გადასვლის საკითხს ზურაბ გვასალიაც გამორიცხავს და ამის არგუმენტად ეროვნული ბანკის შესახებ კანონი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, მეწარმე სუბიექტებს საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, 20-ზე მეტ ადამიანზე ფულის გასესხების უფლება არ აქვთ.

“მსესხებელმა კერძო მევახშესთან ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დაიდოს. თუ 20-ზე მეტი ხელშეკრულება იქნება დადებული, მევახშე უნდა დარეგისტრირდეს როგორც სესხების გამცემი სუბიექტი. მეორე, იმ ბაზარზე ასე სპონტანურად უზრუნველყოფის გარეშე სესხებს არავინ არ აძლევს,” – აცხადებს ზურაბ გვასალია.

“კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების” 2018 წლის 17 მარტს გამოცემული ბრძანება ძალაში მიმდინარე წლის 7 მაისს შევიდა. ეროვნულ ბანკში რეგულაციების  შემოღებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობით ხსნიან. სებ-ში მიაჩნიათ, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვა საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტებს გააუმჯობესებს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს წაახალისებს. ეროვნული ბანკის განცხადებაში საუბარია ჭარბვალიანობაზეც. როგორც სებ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი