ახალი ამბები

შსს: ჰესების „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს

9 მაისი, 2018 • 1941
შსს: ჰესების „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე სვანეთში მდებარე ჰესების მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები, ინვესტორები და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობის წარმომადგენლები. ჰესების წინააღმდეგი აქტივისტთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

შსს-ს განცხადების მიხედვით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მშენებარე ჰესების – „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ – მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. ხოლო პოზიციათა გაცვლის შემდეგ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც შსს, ისე სხვა სახელმწიფო უწყება, მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირის გარეშე, რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

ამ გადაწყვეტილებას ნეტგაზეთთან გამოეხმაურა  ერთ-ერთი აქტივისტი, დავით გულბანი. როგორც მან გვითხრა, სამინისტროების გადაწყვეტილებას მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი უჭერს მხარს, რომელიც მათ სიტყვაზე ენდობა, დანარჩენს კი კვლავ საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.

“როდესაც გვქონდა გონივრული ეჭვი და კომპანია “გამა კონსალტინგს”,  რომლის მიერაც არის შექმნილი ეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, მოვხთოვეთ რევიზია, ჩვენ დამოუკიდებელ ექსპერტებს ვთხოვეთ, რომ შეემოწმებინათ ეს დოკუმენტები, პასუხად კი მივიღეთ დოკუმენტაცია, სადაც ცალსახად წერია, რომ ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს. ამის შესახებ იცის შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმაც,” – განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აქტივისტთა ჯგუფი ხვალ ბრიფინგს გამართავს, სადაც უფრო დეტალურად ისაუბრებენ როგორც მათ პოზიციაზე, ასევე ექსპერტებისგან მიღებულ დოკუმენტებზეც.

მდინარე მესტიაჭალაზე  ორ ჰესს Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად,  სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც  წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

პროტესტი მესტიაჭალა ჰესის წინააღმდეგ: მესტიაში ადგილობრივებმა ტექნიკას გზა გადაუკეტეს

საერთო აქცია ჰესების წინააღმდეგ ჭუბერში

თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი