ახალი ამბები

ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პარლამენტმა განცხადება მიიღო

27 ნოემბერი, 2013 • • 850
ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პარლამენტმა განცხადება მიიღო

აღნიშნული განცხადებების პროექტები საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ იყო მომზადებული. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” განცხაებაში, რომელიც პარლამენტმა 18 ხმით 31-ის წინააღმდეგ ჩააგდო, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო. პარლამენტი გამოხატავს იმედს, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა არ დაექვემდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟს და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზას.”

 

ხოლო მეორე განცხადება, რომელიც  ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით უმრავლესობამ მოამზადა,  პარლამენტმა 66 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. აღნიშნულ განცხადებაში საქართველოს პარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა  მოხდეს. გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ფარგლებში. 

 

“გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს ექნებათ სრულყობილი არჩევანის თავისუფლება. მოვუწოდებთ ევროკავშირს , რომ გაზარდოს და გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რათა გახდნენ მეტად დემოკრატიულები და გახადონ ინტენსიური ხალხთა შორის კავშირები,” – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი