ახალი ამბები

“უკონტექსტო მოგონებები” – ისტორიკოსთა ნაწილი აკრიტიკებს პირველი რესპუბლიკის ფეისბუქ-პროექტს

9 მაისი, 2018 • 5316
“უკონტექსტო მოგონებები” – ისტორიკოსთა ნაწილი აკრიტიკებს პირველი რესპუბლიკის ფეისბუქ-პროექტს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, აქტივობები სოციალური ქსელითაც იგეგმება. მათგან ერთ-ერთის ფარგლებში, რესპუბლიკის სულისჩამდგმელები და სხვა გამოჩენილი სახეები საზოგადოებას საკუთარ ფიქრებს, შეხედულებებსა და იდეებს  “ფეისბუქის” მეშვეობით უზიარებენ. სოციალურ ქსელში პროექტის ფარგლებში შექმნილ პროფილებს, ჯამში, რამდენიმე ათასი მოწონება უკვე აქვს, თუმცა აუდიტორიის ნაწილს, მათ შორის ისტორიკოსებს, რიგი შენიშვნები აქვთ.

ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ექვთიმე თაყაიშვილის, მარო მაყაშვილისა და სხვათა პროფილები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. პერსონაჟების სტატუსებს შესაბამისი თარიღები აქვს მიმაგრებული და მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს, განცხადებებსა და პირად ჩანაწერებს ასახავს. პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობა კომპანია “ლივინგსტონთან” ერთად.

მიუხედავად მიზანთა თანხვედრისა, პროექტი იმ ადამიანების ნაწილმა გააკრიტიკა, რომლებიც პირველი რესპუბლიკის პერიოდს იკვლევენ. პოსტების ნაწილი, რომლებიც მათი აზრით, უსისტემო და კონტექსტიდან ამოგლეჯილია, ისტორიის გადაფასებაზე მეტად საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების გამყარებას უწყობს ხელს.

ერთ-ერთი, ვინც ფეისბუქ პროექტი გააკრიტიკა, ირაკლი ირემაძეა, რომელიც პირველ რესპუბლიკას, მის სამწლიან ისტორიასა და ფუძემდებელთა ცხოვრებას რამდენიმე წელია სწავლობს. მისი თქმით, პროექტის ერ-ერთი მთავარი ხარვეზი ისტორიული პერსონაჟების მოგონებებიდან ფრაზების უსისტემო და უკონტექსტო ამოღებაა, თუმცა იყო ფაქტობრივი შეცდომებიც.

“მოგონებებიდან ამოიღეს ცნობები, რომლებიც კონკრეტული მოვლენებიდან ბევრად გვიანაა დაწერილი და ხშირად სუბიექტურია. განსაკუთრებით, გენერალ კვინიტაძესთან მიმართებით იყო ერთი პოსტი, რომელიც გვარდიას აკრიტიკებდა. არადა, მით უმეტეს, იმ პერიოდში გვარდია ყველაზე ბრძოლისუნარიან ძალას წამოადგენდა და მნიშვნლოვანი როლი ითამაშა ქვეყის შიგნით სტაბილურობის დასამყარებლად

…ძალიან დიდი შეცდომა იყო კულტურასთან დაკავშირებითაც, როცა “აბესალომ და ეთერის” პრემიერის ფოტოზე მონიშნული იყო ვანო სარაჯიშვილი, როცა მას ამ ოპერის დადგმაში პირველი ერთი თვის მანძილზე საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა”, – უთხრა ირაკლი ირემაძემ “ნეტგაზეთს”.

ფოტო “აბესალომ და ეთერის” პრემიერიდან, რომელზეც ირაკლი ირემაძე საუბრობს, ამჟამად ზაქარია ფალიაშვილისთვის შექმნილ გვერდზე აღარ იძებნება.

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი პოსტებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით ნოე ჟორდანიას რეპლიკამ. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები ჭავჭავაძის როლს არ ივიწყებენ, თუმცა ერთი ადამიანის გამო არც რევოლუციის დაგმობა ღირს.

ირაკლი ირემაძე ფიქრობს, რომ აუდიტორიისთვის მსგავსი განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით მიწოდება არსებულ მცდარ წარმოდგენებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

“ნოე ჟორდანიას ეს პასაჟი ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მუდმივად ტრიალებს მისი დისკრედიტაციისთვის. [რეალურად] იქ საუბარია რევოლუციაზე, რევოლუციის მნიშვნელობის გაგებაზე. ის კომენტარიც, რომელიც ხშირად მუსირებს, რომ “ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა”, არის სრულიად კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიემართება რევოლუციას. რეალურად, მენშევიკები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე შორს მდგომი ძალა ილიას მკვლელობიდან, რომელიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო.

საზოგადოებისთვის კითხვების გამჩენი მოგონებების ამ ფორმით მიწოდება კიდევ უფრო აბნევს მას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პერიოდი ისედაც საკმარისადაა დამახინჯებული, იგივე საბჭოთა ისტორიოგრაფიიდან. ასე რომ, თუნდაც ერთი არასწორი პოსტი ძალიან დიდ ნეგატიურ განწყობებს იწვევს. უნდა მოხდეს უშუალოდ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ფაქტების წინ წამოწევა და კითხვების შემცველი საკითხები საზოგადოებას ამ ფორმით არ უნდა მივაწოდოთ. ისინი უნდა გავიაზროთ კრიტიკულად, გაიმართოს საჯარო დისკუსიები და ა.შ”, – განუცხადა ირაკლი ირემაძემ “ნეტგაზეთს”.

პროექტის მიმართ არსებულ სკეპტიციზმს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანიც იზიარებს. იდეა მოსწონს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ნაჩქარევად და უსისტემოდ განხორციელება პირველ რესპუბლიკაზე ცნობიერების ამაღლებას ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, ბუნდოვანია წყაროებიც, საიდანაც პროექტის ავტორებმა წარსულის გაცოცხლება სცადეს.

“წარსულის ამ ფორმით გაცოცხლება ჩვენი ნოუჰაუ არ არის. შარშან ეს გაკეთდა რუსეთში 1917 წლის რვოლუციასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ხდებოდა არა სოციალური ქსელის გამოყენებით, არამედ შეიქმნა თვითმოქმედი სივრცე, სადაც ყოველდღიურად, ხშირად საათობრივ რეჟიმშიც შეეძლო მომხმარებელს ენახა, რა ხდებოდა 1917 წელს, მაშინდელი პერსონაჟების ჩართულობით.

აქ ამას ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ, რადგან ამ პროექტზე მუშაობა სამთავრობო უწყებამ დაიწყო დაახლოებით თვენახევრის წინ. ეს არის მოკლევადიანი, ძალიან ზერელე პროექტი, რომელიც გაქრება 26 მაისის შემდეგ. რა დგას ამ ინიციატივის უკან, საიდან შეიძლება, ადამიანმა აიღოს წყარო, დოკუმენტი, გამონათქვამი, არ არსებობს უბრალოდ. ეს ჩანს კიდეც, რადგან ისტორიული პერსონაჟები კი არ გელაპარაკებიან, არამედ კონკრეტული ადამიანი ცდილობს გელაპარაკოსი იმ პერსონაჟის პირით, რომელსაც თავადაც არ იცნობს”, – აცხადებს ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პირველი რესპუბლიკის პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ ფეისბუქ პროექტს სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობს. სწორედ მათ ჰქონდათ გადანაწილებული თითოეული პერსონაჟის ფეისბუქ გვერდისა და შესაბამისი მასალების მომზადება. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და პროექტის კონსულტანტი ჯაბა სამუშიაა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ნოე ჟორდანიას პროფილის მომზადებაზე მუშაობდა. ისტორიკოსი “ნეტგაზეთის” რესპონდენტების შეხედულებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ პროექტის მიზანი საზოგადოებაში პირველი რესპუბლიკის მიმართ ინტერესის ამაღლებაა, რაც სრულდება კიდეც.

“ის, რომ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის გვერდმა ერთ დღეში 1 000 მოწონება დაიმსახურა, ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ეს გვერდი მიიღო. ის, რომ ნოე ჟორდანიამ გარკვეული კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ესეც კარგია, რადგან სწორედ ესაა ისტორიის შეფასება. აქ საზოგადოების დამოკიდებულებაზეა საუბარი.

… ნოე ჟორდანიას დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძის მიმართ ყოველთვის პრობლემური იყო. ასე იყო 100 წლის წინაც, ვიდრე ჟორდანია დაიწყებდა კრიტიკული წერილების წერას ილიას მიმართ. ეს ახლაც ასეა. მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ადამიანები მიხვდნენ, როგორ ცხოვრობდა საზოგადოება საუკუნის წინ”, – აცხადებს ჯაბა სამუშია.

მისი თქმით, სამეცნიერო თემებზე, რომელსაც პირველი რესპუბლიკა აერთიანებს, საჯარო დისკუსია ვერ წარიმართება, სამეცნიერო წრეებში კი დებატი დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯაბა სამუშიას თქმით, პროექტის ავტორები მხოლოდ იმას შეეცადნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ინფორმაცია თანამედროვე ფორმით.

“ფართო საზოგადოების დონეზე როგორ შეიძლება სამეცნიერო დისკუსია გაიმართოს? ეს ხომ აბსურდია? სამეცნიერო დისპუტს აქვს თავისი წესები და იქ უნდა იყვნენ ჩართულნი ადამიანები, ვინც ეს ეპოქა იცის. ამ შემთხვევაში, პროექტი აბსოლუტურად სხვა რამეს ითვალისწინებს. მისი მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ყოველდღიური რეჟიმის მიხედვით. მაგალითად, როდის შეირთო ივანე ჯავახიშვილმა ცოლი, როგორი იყო ის, რას წერდა ამ მომენტისათვის… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიღოთ მოგონებებიდან. ივანეს ხომ არ წამოაყენებ და ალაპარაკებ? აბსურდია, ხომ?”.

პროექტის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში სხვა სახის აქტივობების განხორციელებასაც გეგმავენ.

განახლება: მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობა მათ იანვრიდან დაიწყეს, თუმცა არ უარყოფენ იმას, რომ მის ისტორიოგრაფიულ მხარეზე მუშაობა ნამდვილად 1.5 თვის წინ არის დაწყებული და ისტორიკოსებმაც შეთავაზებები დაახლოებით იმ პერიოდში მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სპეციალური ვებგვერდის შექმნა პირველი რესპუბლიკის თაობაზე, სადაც ზემოხსენებული 10 პერსონაჟის ბიოგრაფიებიდან სხვადასხვა მასალები გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი