ახალი ამბები

უცნობი პირები რესტორნებს 15 ათასის სანაცვლოდ მოწევის დაშვებას სთავაზობენ – NCDC

9 მაისი, 2018 • 3218
უცნობი პირები რესტორნებს 15 ათასის სანაცვლოდ მოწევის დაშვებას სთავაზობენ – NCDC

უცნობი პირები ბარებსა და რესტორნებს უკავშირდებიან და 15 ათასი ლარის სანაცვლოდ ლიცენზიის მიღებას სთავაზობენ, რომლის შემდეგაც მათ დაწესებულებებში მოწევა ისევ დაშვებული იქნება. ამის შესახებ “ნეტგზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა,  ლელა სტურუამ განუცხადა. ინფორმაცია ამის თაობაზე თავდაპირველად BM.ge-იმ გაავრცელა.

ლელა სტურუას განმარტებით, ეს ადამიანები იყენებენ სიგარა-ბარებისთვის გათვალისწინებულ ლიცენზიას და სავარაუდოდ ასე ცდილობენ ადამიანების მოტყუებას. უწყების წარმოამდგენლის თქმით, რესტორნებს და ბარებს შეუძლიათ სიგარა-ბარის ლიცენზიის მიღება, თუმცა ამ შემთხვევაში დაწესებულებას ექნება უფლება, მხოლოდ სიგარა და სასმელი გაყიდოს. რამდენ ბარსა და რესტორნს მიმართეს უცნობმა პირებმა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

“ამ რესტორნებისა და ბარების წარმომადგენლებმა ჩვენს უწყებას ჰკითხეს, მართალი იყო თუ არა, რომ 15 ათასი ლარით ლიცენზიის ყიდვას შეძლებდნენ, რომლითაც მათ ექნებოდათ უფლება, რესტორანში ან ბარში თამბაქო მოეხმარათ. კანონი ცალსახად განმარტავს, რომ არანაირი ლიცენზია ან რაიმე სხვა არ არსებობს, რომლითაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არ აღსრულდება. კანონის თანახმად, ყველა დახურული შენობა თამბაქოსგან თავისუფალი უნდა იყოს,” – აცხადებს ლელა სტურუა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება და  ასევე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. კანონის დარღვევა ფინანსურ ჯარიმასაც ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი