ახალი ამბები

საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების თქმით, პოლიცია მათ უმიზეზოდ აკავებს

27 ნოემბერი, 2013 • • 987
საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების თქმით, პოლიცია მათ უმიზეზოდ აკავებს

“საერთოდ, ეს ახალი პრობლემა არ არის… როდესაც ჩვენ, მუსლიმებს, ქისტებს პოლიცია გვაჩერებს და ჩვენი მონაცემები კომპიუტერში შეჰყავს, იქ რაღაც წითლდება და იწყება მთელი პროცედურები. არ ვიცი, ტერორისტების სიაში ვართ თუ რა, მაგრამ ასე ხდება. შემდეგ ეს პოლიცია რეკავს ანტიტერორსიტულ სამსახურში და იქ ეუბნებიან, რომ გაუშვით და ამის მერე გვიშვებენ. ასე ხდება, საზღვრის გადაკვეთის დროსაც და ქუჩაში გაჩერების შემთხვევაშიც. აქ ის კი არ არის პრობლემა, რომ გვაჩერებენ და დროს გვაკარგინებენ, არამედ ის, რომ როგორც კრიმინალებს, ისე გვექცევიან… თუ რამეში დამნაშავე ვარ, დამკითხე, დამაპატიმრე, მაგრამ როცა ჩემს სახელს და გვარს კომპიუტერში შეიყვან და ამის მერე გამაჩერებ, ეს უკვე საწყენია”, – ამბობს ჯოყოლა აჭიშვილი.

 

მისივე თქმით, პატრულის მიერ ქუთაისში გაჩერებული პირები: აიუბ ბორჩაშვილი, ბაქარ ბორჩაშვილი დათო ბორჩაშვილი და რამზან მარგოშვილი ბათუმში ფირუზ წულუკიძისა და თეიმურაზ ბახუნტარიძის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ გაიმართა. 

 

შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პოლიციას ზემოხსენებული პირები არ დაუკავებია:

 

“ისინი მოძრაობდნენ სწრაფად, პოლიციამ გააჩერა და გაფრთხილება მისცა. მათ კანონი არ დაურღვევიათ”, – აღნიშნავენ შსს–ში და უარყოფენ აჭიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპიუტერში მონაცემების შეყვანის თაობაზე.

 

ჯოყოლა აჭიშვილის თქმით კი, პოლიციას ბორჩაშვილები და მარგოშვილი ქუთაისში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჰყავდა გაჩერებული და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი