ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით ყარაბაღში ჩავიდა

სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტეპანაკერტში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ და შუშას გათავისუფლების 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

ფაშინიანმა პრეზიდენტ ბაკო სააკიანთან ერთად ყარაბაღის ომში დაღუპულთა მემორიალი მოინახულა, რის შემდეგაც ერთად გაემგზავრნენ შუშაში.

8 მაისს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 59 ხმით 43-ის წინააღმდეგ აირჩია.

ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან ყარაბაღის საკითხზეც ისაუბრა.

“ძვირფასო არწახელებო, დარწმუნებული იყავით, რომ სომხეთში განხორციელებული სიყვარულისა და სოლიდარობის რევოლუცია არავითარ საფრთხეს არ მოიცავს, თუმცა არწახის მოსახლეობისა და მისი სახელმწიფოებრიობის წინაშე ახალ შესაძლებლობებს ხსნის”.

მისივე განცხადებით, სომხური რევოლუციის შედეგი არწახის საერთაშორისო დე იურე აღიარება იქნება. ფაშინიანის თქმითვე, ის მზადყოფნას გამოთქვამს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წარმართოს ამ საკითხზე და ამ მოლაპარაკებებში ყარაბაღის წარმომადგენელთა მონაწილეობა აღადგინოს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

სტეპანაკერტი; 9 მაისი, 2018; ფოტო: ნეტგაზეთი

სტეპანაკერტი; 9 მაისი, 2018; ფოტო: ნეტგაზეთი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი