ახალი ამბები

ინაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატობას არ აპირებს

9 მაისი, 2018 • 1340
ინაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატობას არ აპირებს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გამორიცხავს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას.

კითხვაზე, დაწყებულია თუ არა კონსულტაციები საპარლამენტო კანდიდატთან დაკაშირებით, მან განაცხადა, რომ არავისთან არ არის კონსულტაციები დაწყებული.

“არავისთან არ არის დაწყებული კონსულტაცია. ჯერჯერობით ამ თემაზე საერთოდ არ არის სხვა პარტიებთან საუბარი, არ არის საუბარი საერთო კანდიდატის შესახებ, ან ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ, ჩვენ თვითონ გუნდში ვმუშაობთ იმაზე, რომ რამდენიმე კანდიდატურაა, და ამ რამდენიმედან მოხდეს საუკეთესოს შერჩევა. ჩემ თავს გამოვრიცხავ ამჯერად, კი,”- განაცხადა მან.

ირმა ინაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ასევე ისაუბრა მოქმედ პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე და განაცხადა, რომ მისი დადებითი თვისება ჰუმანურობაა:

“თუ ზოგად შეფასებაზეა საუბარი, მარგველაშვილს, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, აქვს მინუსები და პლუსები. ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო მოხელეს, აქვს მინუსები და პლუსები. ყველაზე მთავარი პლუსი მისი იყო ის, რომ ის ჰუმანური პრეზიდენტი იყო. რაც შეეხება მინუსს, ლიდერისთვის სათანადო ბევრი თვისება აკლდა, თუნდაც ის, რომ კონსტიტუციას მოაწერა ხელი. მე არ მოვაწერდი ხელს ამ კონსტიტუციას… რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატობას, წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, მათ შორის, მარგველაშვილსაც,”- განაცხადა მან.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მმართველ გუნდს კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი საერთო კანდიდატზე მსჯელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი