ნინო ბურჯანაძე – საბჭოთა სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი უნდა დავანებოთ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში მივიდა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მე-2 მსოფლიო ომში ქართველი ჯარისკაცები საბჭოთა სიმბოლიკით იბრძოდნენ და სახელმწიფო არ უნდა ებრძოდეს სიმბოლიკას.

“რას ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკა, როდესაც ლაპარაკია 9 მაისზე? ეს ადამიანები და ნახევარი მსოფლიო ამ სიბოლიკით იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ხელისუფლებამ ელემენტარული უგუნურება არ უნდა გამოიჩინოს. სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი უნდა დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც იმ ეპოქაში არ მოგვწონდა,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სოციალისტური საქართველო” წერილობით გააფრთხილა, რომ 9 მაისის აქციაზე საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკა არ გამოიყენოს. სუს-ის მიერ “სოციალისტური საქართველოსთვის” გაგზავნილ წერილში საუბარია “თავისუფლების ქარტიაზე”, საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, პარტიამ  კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა არ უნდა გამოიყენოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174(16) მუხლის მიხედვით, გაფრთხილების მიუხედავად, თუ პირი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, იგი 1000 ლარით დაჯარიმდება.

გაფრთხილების მიუხედავად,  “სოციალისტური საქართველოს” წევრები აქციაზე წითელი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით მივიდნენ. 9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში მე-2 მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.