ახალი ამბები

ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ განაცხადა

8 მაისი, 2018 • 2158
ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შესახებ განაცხადა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გადის ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეთანხმება, რომელსაც ვაშინგტონმა თეირანთან 2015 წელს მიაღწია, და მას სამარცხვინო უწოდა “თავისთვის, როგორც მოქალაქისთვის”.

მიუხედავად ევროპელი მოკავშირეების რჩევებისა, ტრამპმა იმ სანქციების განახლების პირობაც დადო, რომლებიც ირანს მოეხსნა ზემოაღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

“ჩვენ არ დავუშვებთ, ამერიკა ბირთვული შანტაჟის მძევალი გახდეს; არ დავუშვებთ, ირანის რეჟიმი ამერიკულ ქალაქებს განადგურებით დაემუქროს და არ დავუშვებთ, მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო იარაღს ფლობდეს რეჟიმი, რომელიც სკანდირებს: “სიკვდილი ამერიკას!””, – განაცხადა ტრამპმა.

განცხადებას უკვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ თავის მოვალეობებს არ ასრულებს. რუჰანის თქმით, მან უკვე მიმართა ქვეყნის ატომური ინდუსტრიის ორგანიზაციას, სრულად მოემზადოს, რათა საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინდუსტრიის “ულიმიტო გამდიდრება” დაიწყოს. მანამდე კი, მისი თქმით, ირანს რამდენიმე კვირა სჭირდება, რათა აშშ-ის პრეზიდენტსი ქმედებას უპასუხოს. რუჰანის განცხადებით, თეირანი კონსულტაციებს განაგრძობს შეთანხმების ხელმომწერ დანარჩენ ხუთ სახელმწიფოსთან.

ბირთვული შეთანხმება, ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი