ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს გაწევრიანების დაპირება არ ყოფილა

27 ნოემბერი, 2013 • • 1215
ფანჯიკიძე: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს გაწევრიანების დაპირება არ ყოფილა

რადიო “თავისუფლების” ცნობით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტექსტზე, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციად უნდა იქცეს:

 

“დეკლარაციის უწინდელ პროექტებში ნათქვამი იყო, რომ აღმოსავლელ პარტნიორ ქვეყნებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ „ევროპისკენ სწრაფვა, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად“. მაგრამ პროექტის ბოლო ვარიანტში, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო,  ეს მუხლი საერთოდ არ არის ნახსენები”, – იუწყება რადიო “თავისუფლება”.

 

“ამ მუხლის შესახებ არც ერთ დეკლარაციაში, რომლებიც წინა სამიტებზე იქნა მიღებული – პრაღასა და ვარშავაში საუბარი არ ყოფილა და ვილნიუსის სამიტი, მოგეხსენებათ, მესამე სამიტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მისივე თქმით, ის დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობა რადიო “თავისუფლება”, როდესაც ამბობს, რომ ამ მუხლის ხსენება დაგეგმილი იყო დეკლარაციაში და შემდეგ ამოიღეს, ბუნდოვანებით არის მოცული:

 

“დეკლარაციაზე საუბარი და მისი წინასწარი პროექტების ვინმესთვის ჩვენება კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის, სანამ ამ დეკლარაციის გამოცხადება არ მოხდება. შესაბამისად, თუკი ვინმემ რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტს დეკლარაციის რაიმე პროექტი აჩვენა, ეს იყო აბსოლუტურად დაუშვებელი და დაუშვებელია მასზე კომენტირებაც. აქედან გამომდინარე, მეც თავს შევიკავებ ამ დეკლარაცაიის კომენტირებისგან,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ფანჯიკიძის თქმით, დეკლარაციის ტექტს ევროკავშირთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ერთობლივად ამუშავებენ:

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“მასზე ჩვენ გუშინაც გვქონდა კონსულტაციები, რადგან ეს დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ შევიდეს ის ფრაზეოლოგია და მესიჯები, რომლებიც ჩვენ გვინდა, რომ გაჟღერდეს. დეკლარაციაზე მუშაობა სამიტის ბოლო წუთამდე გაგრძელდება და როცა იგი გამოქვეყნდება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი შინაარსის კომენტირება.”

 

მაია ფანჯიკიძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას და ეს არის ევროკავშირთან ძალიან დაახლოების მექანიზმი:

 

“რაც შეეხება თავად 49-ე მუხლს, თუ თქვენ დააკვირდებით, ნებისმიერი ჩემი გამოსვლისას, რომელიც ეხება ასოცირების ხელშეკრულებას, ყოველთვის ვახსენებ, რომ საქართველო მოწადინებულია მიიღოს ევროპული პერსპექტივა, ისე, როგორც ეს არის აღნიშნული ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლში. ამ სურვილის განცხადებას წინ არაფერი უდგას და ყველა ჩვენს გამოსვლაში და მიწერ-მოწერაში ევროკავშირთან ამ სურვილს ვაფიქსირებთ, რათა უფრო მკაფიო გავხადოთ ჩვენი ევროპული მისწრაფება და სურვილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი შეპირება არასდროს არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა. იმედი მაქვს, რომ რაღაც გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ ესეც არ იქნება საქართველოსთვის უტოპია და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება ერთ მშვენიერ დღეს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ვილნიუსის სამიტზე საქართველო და ევროკავშირი მოახდენენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას:

 

“საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს, გარდა ამისა, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, 29 ნოემბერს ხელი მოეწერება ევროკაშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულებას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამიტის ბოლოს შემუშავდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის პარალელურად ასევე დაგეგმილია საპარლამენტო ფორუმის, ბიზნესფორუმისა და სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის “აღმოსავლეთ პარტნიორობა, პოლიტიკური და სამომავლო დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებისათვის” გამართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი