საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტვიტერზე ულოცავს.
“გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს თქვენს მომავალ წამოწყებებში. საქართველო მხარს უჭერს და გვერდში უდგას მეგობარ სომხეთს. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
Congratulations to the newly elected Prime Minister of #Armenia Nikol Pashinyan. I wish you all the best in your future endeavors. #Georgia firmly supports and stands by brotherly #Armenia. I believe strong ties and friendship between our countries will further deepen.
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) May 8, 2018
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე 17 მარტს სერჟ სარგსიანსაც მიულოცა.
დღეს, 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი 59 ხმით 43-ის წინააღმდეგ აირჩია.
სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:
- ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად, 23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
- რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
- 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
- 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
- სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
- 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
- პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებდა.
- მალევე, ხელისუფლების სრული გადადგომის მოთხოვნით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა.
- 1 მაისს სომხეთის ეროვნულ კრებას პრემიერ მინისტრი უნდა აერჩია. ფაშანიანი ერთადერთი კანდიდატურა იყო, თუმცა, მან მხოლოდ 45 ხმა მიიღო. განმეორებითი და ბოლო კენჭისყრა 8 მაისს დაიგეგმა.