ახალი ამბები

მერაბიშვილის ადვოკატი: სასამართლო პროცესზე პატიმრობის გაუქმებას მოვითხოვთ

27 ნოემბერი, 2013 • • 1041
მერაბიშვილის ადვოკატი: სასამართლო პროცესზე პატიმრობის გაუქმებას მოვითხოვთ

როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა, გივი ჩივიაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პროცესზე იმსჯელებენ “დენსუსის” დასკვნის მტკიცებულების სახით დაშვებაზე. გარდა ამისა, მისი განცხადებით, დაცვის მხარე მერაბიშვილისთვის აღკეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და პატიმრობის გაუქმებას. 

 

“დენსუსის” დასკვნა გახლავთ დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით არის მომზადებული. ამ დასკვნაში გარკვევით წერია ის არგუმენტები, რომელიც არსებობს. სწორედ ამის გამო მოითხოვს ბრალდების მხარე ამ დოკუმენტის ამორიცხვას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. გარდა ამისა, ჩვენი შუამდგომლობა არს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გაუქმება,”- აცხადებს ჩივიაშვილი.

 

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი