ახალი ამბები

ცქიტიშვილი: დაუშვებელია ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზება

8 მაისი, 2018 • 24653
ცქიტიშვილი: დაუშვებელია ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ახალგაზრული კლუბები სწორედ სოციალური სივრცეა, სადაც საზოგადოების “გათანამედროვება” და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოება ხდება. აღნიშნული მან  განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის  გადაცემაში “აქტუალური თემა”.

როგორც უმრავლესობის წევრმა ცქიტიშვილმა განმარტა, ბოლო დროს ნარკოტიკის სავარაუდო მოხმარებასთან დაკავშირებული გარდაცვალების ფაქტების ფონზე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ხდება კლუბური ცხოვრების დემონიზება, რაც არასწორია.

“საზოგადოების ნაწილის მიერ არის ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობა, რაც დაუშვებელია უპირველესად იმიტომ, რომ ეს არის ის სოციალური გარემო, სადაც ჩვენი საზოგადოების “გათამედროვება” და “გაევროპელება” ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება კლუბებშიც ხდებოდეს, არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ კლუბები ამის სათავე და საფუძველია. ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ. კლუბის მეპატრონეები და მესვეურები ცდილობენ ქვეყნის გათამედროვებას, ცდილობენ პროგრესს შეუწყონ ხელი. მათი დადანაშაულება არ შეიძლება არანაირად, ისევე, როგორც არ შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტებში იმიტომ, რომ ეს არის ის გარემოებები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის მოხდება. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, ამ რისკის ზონაში შედის,” – განმრტავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს მიერ შერჩეული ნარკოპოლიტიკა არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ გამკაცრების პრაქტიკას.

“მე ვფიქრობ, რომ გამკაცრება ცალსახად არანაირი შედეგს არ მოიტანს, ჩვენ გვახსოვს მკაცრი პოლიტიკის ის პერიოდი, როდესაც შეიძლება ნაკლებად ხილული იყო პრობლემა, მაგრამ ის მიწისქვეშეთში და საფარში იყო გადასული. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ნარკოდამოკიდებულთა და ნარკომომხმარებელთა რიცხი არ შემცირებულა, უბრალოდ უფრო მავნე და უფრო საშიშ ნარკოტიკების მოხმარებაში გადავიდა. ამ შემთხვევაში მე  მესმის, რომ არის კრიტიკა სახელმწიფოს მიმართ, რომ ის სწრაფად უნდა მოქმედებდეს, მაგრამ აქაც პასუხი არის ის, რომ ძალიან სწრაფად მოქმედებამ უკუშედეგი შეიძლება მოგვცეს. ამიტომ მე მესმის ჩვენი ოპონენტების, რომ რაღაც უფრო აწონ-დაწონილად მივიღოთ ეს გადაწყვტილება,” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ბოლო დროს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების შედეგად გარდაცვალების ყველა ფაქტზე (4) გამოძიება გრძელდება. მას შემდეგ კი, რაც უწყება გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზის ბიუროდან მიიღებს, გამოძიების ფოკუსი დავიწროვდება. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ მიუხედავად მაქსიმალური ჩართულობისა და მცდელობისა, ამ დროისთვის არცერთი ექსპერტიზა დასრულებული არ არის.

დღეს, 8 მაისს, გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დაუსრულებელი მსჯელობა ლიბერალიზაციაზე ნარკოდანაშაულს ახალისებს. მისივე განმარტებით, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, შსს გაამკაცრებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისისში ღამის კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, 28 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, ხოლო 29 აპრილს ნეტგაზეთისთვის კიდევ ერთი გარდაცვლილის, ახალგაზრდა ქალის შესახებ გახდა ცნობილი. შაბათს შსს-მ კიდევ ორი ადამიანის სიკვდილი დაადასტურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი