სახელმწიფო ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭიროს საკლუბო ინდუსტრიას – საკლუბო გაერთიანება

საკლუბო გაერთიანება მიიჩნევს, რომ  ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, როცა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბების დახურვას ითხოვენ. საკლუბო გაერთიანება გულისხმობს ბოლო სამი კვირის განმავლობაში უცნობი ნარკოტიკული ნივთირებით 5 ადამიანის დაღუპვის ფაქტის გამო წამოსულ გამოხმაურებებს:

ინდუსტრიის წარმომადგენლები მოითხოვენ:

  • შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭირონ საკლუბო ინდუსტრიას;

  • მედიასაშუალებებმა შეწყვიტონ საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება მათ საქმიანობასთან;

  • დროულად იქნას დადგენილი, თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო;

  • შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებსაიტების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწდომი არ იყოს;

  • ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე;

  • გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დახმარება;

  • გადაიდგას ნაბიჯები ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.

საკლუბო გაერთიანება აცხადებს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს დაიცავენ და პასუხს მოითხოვენ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის. საკლუბო გაერთიანება ასევე მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან.

“ამ ინდუსტრიის წარმატების შედეგად შეიქმნა  უამრავი სამუშაო ადგილი და გაიზარდა ტურისტული პოტენციალი. ამავდროულად, ჩვენი ინდუსტრია ქვეყნის ხაზინაში დიდი მოცულობის გადასახადებს იხდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკლუბო სცენა დღეს საქართველოში პროგრესული აზროვნების ავანგარდში დგას და საფუძველს უდებს ახალი, თანამედროვე, ღია და გახსნილი საზოგადოების, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული  ახალგაზრდული კულტურის ჩამოყალიბებას”- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 7 მაისს BASSIANI / HOROOM-მა განცხადება გაავრცელა და თანადგომისთვის მიმართა საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედიასაშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.


საკლუბო გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და ზოგადად ხელოვნების ინდუსტრიას, რომელიც აერთიანებს კლუბებს, ფესტივალებს, მუსიკალურ ლეიბლებს, კაფე- ბარებს, ივენთ კომპანიებს, არტისტებსა და პროდიუსერებს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • FUND ELECTRONAUTS
  • 4GB
  • ALTERVISION / OPEN AIR
  • ART-CAFÉ HOME
  • BASSIANI
  • BLOW BAR
  • CAFÉ GALLERY
  • DRAMA BAR
  • ELEKTROWERK
  • EVENTER
  • KELLER BAR
  • KHIDI
  • LISI REST
  • LTFR
  • MTKVARZE
  • MUZAME
  • MZESUMZIRA
  • SPACEHALL
  • SUCCESS BAR
  • TERMINAL EVENTS
  • TIVI
  • TREEBAL
  • VODKAST
  • WHITE NOISE MOVEMENT
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com