თურქეთის მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელი მოსწავლის სექსუალური შევიწროებისთვის დააკავეს

თურქეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს თურქეთის მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. მას ბრალად ედება 15 წლის სპორტსმენი გოგოს სექსუალური შევიწროება.

სასამართლო მოსმენა 11 მაისს გაიმართება. თუმცა, სავარაუდო მსხვერპლის მამამ თურქულ გამოცემა Hurriyet Daily News-ს განუცხადა, რომ მწვრთნელი მის სპორტსმენ შვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა. როგორც მოფარიკავის მამა ამბობს, საერთაშორისო წარმატების პარალელურად, ბოლო პერიოდში მისი შვილი განსაკუთრებით გულჩათხრობილი გახდა, რასაც ოჯახი მისი გარდატეხის ასაკს მიაწერდა. საბოლოოდ, გოგო მშობლებს გამოუტყდა, რომ მწვრთნელი მისივე ნებართვის საწინააღმდეგოდ ეხებოდა, კოცნიდა და სექსზე ესაუბრებოდა.

გოგოს მამამ ასევე თქვა, რომ მწვრთნელი სხვა ბავშვებსაც ავიწროებდა სექსუალურად, რაც მისთვის ამ ამბის გახმაურების შემდეგ გახდა ცნობილი.

თავდაპირველად მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელი არ დააკავეს, თუმცა 15 წლის მოზარდის ოჯახმა წერილი მისწერა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე პრეზიდენტს, რის შემდეგაც სავარაუდო მოძალადე დააკავეს და ამჟამად სასამართლო განხილვას ელოდება.

მოზარდის მამის თქმით, არაერთი სხვა მსხვერპლის ოჯახიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მოწმის სახით სასამართლოზე ისინიც ისაუბრებენ ბრალდებულის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე სექსუალურ შევიწროებაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.