ახალი ამბები

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი: ბერა ივანიშვილის განცხადება უპასუხისმგებლოა

8 მაისი, 2018 • 9165
ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი: ბერა ივანიშვილის განცხადება უპასუხისმგებლოა

ბასიანის ერთ-ერთ დამფუძნებელი, ტატო გეთია ნეტგაზეთის შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ ბერა ივანიშვილის განცხადება, სადაც კლუბ “BASSIAN-ში მომხდარ “მკვლელობებზე” საუბრობს, უპასუხისმგებლოა და მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, ვიდრე მსგავს განცხადებებს გააკეთებდა.

“ეს არის უპასუხისმგელო განცხადება იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს და მის ოჯახს აქვს ამხელა გავლენა, ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, დაფიქრება გმართებს, ცოტა მეტი დაფიქრება, ცოტა მეტი ინფორმაცია გმართებს და არ შეიძლება, ასე ჰაერში ისროდე სიტყვებს და ბრალდებებს. ეს არავსთვის არის სასარგებლო,” – ამბობს ტატო გეთია ნეტგაზეთთან საურისას.

იგი ხაზგასმით ამბობს, რომ კლუბი ბაsიანი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მეკუთვნება და ეს მათ განცხადებაშიც იყო აღნიშნული:

“ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს და, უბრალოდ, ვხვდებით ამ სხვადასხვა პოლიტიკური ომებისა თუ ბრძოლების შუაში. ერთნი იძახიან მეორეს, მეორენი – ერთს და ეს არის ცილისწამება, გვიყენებენ ამაში თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გამო. ჩვენ კონკრეტულად ბერა ივანიშვილთან საპასუხო არაფერი გვაქვს, იგივე, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ჩვენს სახელს ტყუილად იყენებენ, ზოგი რაღაცას გვაბრალებს, ზოგი ის, ზოგი ეს. შესაბამისად, ჩვენს განცხადებაში ზუსტად ის იყო ხაზგასმული, რომ ჩვენ ვდისტანცირებთ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, ვინაიდან ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი – თავისუფლების იდეა. ყველამ კარგად იცის, თუ ოდნავ მაინც არის გაცნობიერებული, რომ არანაირ პოლიტიკურ პარტიას ეს არ ემსახურება, სრულიად სხვა ფასეულობებზე არის დაყრდნობილი ეს მოძრაობა. მე ვიტყოდი, რომ მისი განცხადება არის უპასუხისმგებლო და უბრალოდ, ალბათ, გარკვეული არ არის საქმეში წესიერად,”- განაცხადა მან.


BASSIANI / HOROOM თანადგომისთვის მიმართავს საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედიასაშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს:

“დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. კლუბის სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ კონკრეტული სივრცის, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების – თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვრის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი”- ნათქვამია მიმართვაში.

კლუბი BASSIANI / HOROOM აცხადებს, რომ ის რეგრესული და პრორუსული ძალების სამიზნე ობიექტია, მიმდინარეობს მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დემონიზება. კლუბი გულისხმობს ბოლო სამი კვირის განმავლობაში უცნობი ნარკოტიკული ნივთირებით 5 ადამიანის დაღუპვის ფაქტს, რომლის გამოც სხვადასხვა პირები კლუბის დახურვას და მეპატრონეების დაპატიმრებას ითხოვენ.

“მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე, არაერთხელ სცადეს ჩვენი კლუბის დაპირისპირების ინსტრუმენტად ქცევა და ჩვენი სახელის გამოყენება საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად”,-ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BASSIANI / HOROOM ასევე წერს გავრცელებულ ცნობაში, რომ კლუბის დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არცერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე. ასევე, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ მომხდარა კლუბის ტერიტორიაზე.

“გავრცელებული ჭორები, თითქოს ეს ადამიანები BASSIANI / HOROOM-ის სივრცეში იმყოფებოდნენ, არ დასტურდება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით ადამიანის მსგავსად, რომელიმე მათგანი ნამდვილად ყოფილიყო კლუბის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, ქუჩაში თუ სახლში. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მავნე მომწამლავი ნივთიერების შედეგად ადამიანი სად გარდაიცვლება, თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჯანდაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით”.

მათივე ცნობით, კლუბის ტერიტორიაზე ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს და კლუბში შემომსვლელი თითოეული ადამიანი საფუძვლიანად იჩხრიკება.

“კლუბს მხოლოდ სრულწლოვანი, ზრდასრული მოქალაქეები სტუმრობენ, ცალკეული სუბსტანციების მიღება-არმიღების საკითხს კი მოქალაქეები ინდივიდუალურად წყვეტენ, რასთანაც კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი