ახალი ამბები

კალაძე: თბილისში ელექტროავტობუსების ქარხნის აშენებაზე ვმუშაობთ

8 მაისი, 2018 • 1873
კალაძე: თბილისში ელექტროავტობუსების ქარხნის აშენებაზე ვმუშაობთ

თბილისის მერიის ცნობით, თბილისში ელექტროავტობუსების ქარხნის აშენება იგეგმება.

მერიის ცნობით, კომპანია „ფრეგობასი“ გერმანულ კომპანია EURABUS-თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად საქართველოში გეგმავს ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას. ქარხნის ამუშავების შემდეგ კომპანია 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია, აცხადებს მერია.

ელექტროავტობუსი თბილისში ფოტო: მანანა თოქმაჯიშვილი

აღნიშნული ინფორმაცია მერმა კახა კალაძემ კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციაზე გაავრცელა.

“ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთი თვის განმავლობაში ერთ ელექტროავტობუსს სხვადასხვა ხაზზე გამოცდიან. გამოცდის მიზანია ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მერია ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოიყვანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი