ახალი ამბები

ომბუდსმენის ანგარიში – ციხეებში არაერთი პრობლემაა მოუგვარებელი

8 მაისი, 2018 • 2785
ომბუდსმენის ანგარიში – ციხეებში არაერთი პრობლემაა მოუგვარებელი

2017 წელს სახალხო დამცველს არ მიუმართავს საქართველოს პროკურატურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, ციხეებში არაერთი ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს, რომელიც პირველად არ ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშში.

პარლამენტში ომბუდსმენის ყოველწლიური ანგარიშის საკომიტეტო განხილვა უკვე დაწყებულია. ანგარიშის ერთი ნაწილი პენიტენციურ სისტემაში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენციას ეხება.

დადებითი და უარყოფითი ტენდეციები პენიტენციურ სისტემაში

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს   2017 წელს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. რეფორმის ფარგლებში,  შეიცვალა კანონი და შეიქმნა გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ამოქმედდა არასაპატიმრო ღონისძიების ახალი სახე – შინაპატიმრობა, და გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებს  უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცათ.

მიუხედავად ამისა, ანგარიშის თანახმად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. ომბუდსმენის აზრით, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საჭიროა, ერთი მხრივ, ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, საგამოძიებო ორგანოსათვის შეტყობინების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და, მეორე მხრივ, არსებული სხვადასხვა სარისკო პრაქტიკის აღმოფხვრა.

გარდა ამისა, კვლავ პრობლემურია ექიმსა და პატიმარს შორის ურთიერთობის კონფიდენციალობის დაცვის საკითხი.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამედიცინო პერსონალი კვლავ არ იყო სრულად დამოუკიდებელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა არასამედიცინო პერსონალისგან.

“ აუცილებელია ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებთან ბრძოლა, პატიმრობის ცუდი პირობებით  გამოწვეული ტანჯვის პრევენცია და პირადი თუ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა, მასში გაუმართლებელი ჩარევის თავიდან აცილება.,’ – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ  ამ მხრივ ყველაზე არაკეთილსაიმედო მდგომარეობა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებშია.

პირად ცხოვრებაში ჩარევა

საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა. კერძოდ,  პატიმრების მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია.

“მითითებული ღონისძიების გამოყენებით ხდება ჩარევა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით”.

მეთვალყურეობით განხორციელებული ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად კვლავ განსაზღვრულია 5 დღე- ღამე და სახალხო დამცველის 2016 წლის რეკომენდაცია არ შესრულებულა აღნიშნული ვადის, სულ მცირე, 10 დღე-ღამემდე გაზრდის შესახებ.

დეესკალაციის ოთახში პატიმრებს ჰიგიენურ საშუალებებს არ აწვდიან

ანგარიშის თანახმად, დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას არ ხდება დაწესებულების თანამშრომლების მულტიდისციპლინური ჩარევა რისკების შემცირების და აღმოფხვრის მიზნით. პატიმრებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი.

ჯერ კიდევ შეუსრულებელია  სახალხო დამცველის რეკომენდაცია დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 24 საათის დაწესების შესახებ.

პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულია მხოლოდ პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა (72 საათი), მაშინ, როდესაც პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ომბუდსმენის შეფასებით, ეს წესი  შესაძლებელს ხდის პირის დეესკალაციის ოთახში შეუზღუდავად, ზედიზედ რამდენჯერმე მოთავსებას.

ომბუდსმენის აზრით,  დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება შესაძლოა იყოს მხოლოდ იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა მიმართოს სხვა ზომებს, მათ შორის, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ პატიმრისათვის ადეკვატური დახმარების გაწევით.

გაშიშვლება და ბუქნების გაკეთების მოთხოვნა

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, პატიმრების სრული შემოწმება კვლავ ხდება რუტინულად და არ ეფუძნება იმწუთიერად პატიმრისაგან მომდინარე რისკების შეფასებას. ომბუდსმენის აზრით, სრული შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში, პატიმარს უნდა შესთავაზონ სკანირება, როგორც შემოწმების ალტერნატიული მეთოდი.

“სრული შემოწმების განხორციელებისას არ უნდა ხდებოდეს პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა და უნდა აღმოიფხვრას შემოწმებისას ე.წ „ბუქნების გაკეთების“ პრაქტიკა.”

დისციპლინური სახდელები და სამარტოო საკნები

წინა წლების მსგავსად, სასჯელაღსრულების სისტემაში არ შემუშავებულა დისციპლინური სახდელების დაკისრების სახელმძღვანელო პრინციპები. პრობლემურია რიგ დაწესებულებებში სამარტოო საკნის გამოყენების სიხშირე და ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები.

პრობლემად რჩება პატიმართა პროვოცირება და დისციპლინური სახდელების დაკისრება, დასჯის მიზნით დეესკალაციის ოთახში მოთავსება; დისციპლინური სახდელის სახით ოჯახთან კონტაქტის სრულად აკრძალვა.

“ყოველგვარი საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობების გარეშე საკანში 23 საათი ყოფნის პირობებში მკაცრი რეჟიმის პატიმრებში აძლიერებს პროტესტის, უსამართლობისა და უიმედობის განცდას, რაც დამატებით გამოწვევებს აჩენს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით,” – აღნიშნულია ანგარიშში.

მინიმალური საცხოვრებელი ფართი – 3 კვ მეტრი

სახალხო დამცველის აზრით,  გაუმართლებელია პატიმრობის კოდექსით ბრალდებულის მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 3 კვ.მ. განსაზღვრა, ვინაიდან უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდებულები მსჯავრდებულებთან შედარებით, უფრო მეტად შემზღუდველ პირობებში არ უნდა იყვნენ.

დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსი არ ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული შეზღუდვა დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ დახურული და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შენობების ფართობი პრაქტიკულად სრულად უჭირავს საკნებს, არ არის გამოყოფილი და მოწყობილი სათანადო ინფრასტრუქტურა დღის აქტივობებისთვის. პრობლემებია სასეირნო ეზოების დაგეგმარების, დიზაინისა და მოწყობის კუთხით. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში სასეირნო ეზოებში არსებული მდგომარეობა არ იძლევა სათანადო ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. სასეირნო ეზოები არ არის აღჭურვილი სავარჯიშო ინვენტარით.

“პენიტენციური დაწესებულებების გამოწვევა სასჯელის უმთავრესი მიზნის, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის უზრუნველყოფაა. მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, ამ მხრივ სისტემაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. “

ჯანდაცვის პრობლემები ციხეებში

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი სამედიცინო მომსახურების ორგანიზების კუთხით, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ  მთავარ გამოწვევას დაავადებათა, განსაკუთრებით არაგადამდებ დაავადებათა, პრევენცია წარმოადგენს.

“ დასანანია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი არაგადამდები დაავადების სკრინინგული გამოკვლევა არ ტარდება. განსხვავებით არაგადამდები დაავადებებისგან, ინფექციური დაავადებების სკრინინგული გამოკვლევების ნაწილი მეტად სისტემურ ხასიათს ატარებს და პატიმართა ამ კვლევებით მოცვის მაჩვენებელი უფრო მეტია.”

გამოწვევაა დაწესებულებებში სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოზიდვა, უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა, სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება, კონსულტაციების დროულად ჩატარება.

ამავე ანგარიშის თანახმად, დახურული ტიპის დაწესებულებებსა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გამოკითხულ პატიმართა 5.7 %-ს უცდია სუიციდი, ხოლო 12.6 %-ს ჰქონია სუიციდური აზრები.

“ავტოაგრესიული ქმედების ჩადენის ძირითად მიზეზად დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული მამაკაცი პატიმრების უმრავლესობა დაწესებულების თანამშრომლებთან ურთიერთობას ასახელებენ”.

თვითდაზიანების შემთხვევაში ამ მიზეზზე მიუთითებს 37.1%, ხოლო სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის შემთხვევებში, შესაბამისად, 20.0% და 27.3%. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ეს მონაცემები გაცილებით მცირეა და, შესაბამისად, 11.1%, 3.3% და 7.7%-ს შეადგენს.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველი პარლამენტსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ათობით რეკომენდაციით მიმართავს.

დეპუტატების შეფასება

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ომბუდსმენი სისტემურად ხედავს არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ პროგრესს. მისივე აზრით, ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ პენიტენციურ სისტემაში მიაღწია:

“ძალიან ბევრი მიმართულებით ობიექტური დასკვნაა გაკეთებული.. თუ მანამდე არსებულ ვითარებას ახლანდელს შევადარებთ, ისეთი განსხვავებაა, როგორც ცას და დედამიწას შორის. ვერანაირად ვერ ვიტყვი იმას, რომ ციხეებში ადამიანებს არასათანადოდ ეპყრობიან. პენიტენციურ სისტემაში არსებული სტანდარტი ერთ-ერთი მოწინავე სტანდარტია, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, “  – აღნიშნავს კილაძე.

დეპუტატის აზრით, პრობლემები რჩება ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რასაც ხელისუფლება ნელ-ნელა აგვარებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით:

“პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები ბევრი ქვეყნისთვის არის მისაბაძი. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება საჭიროა და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. დეტალურად შევისწავლით ომბუდსმენის რეკომენდაციებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რამდენად და რა ფორმით გავიზიარებთ მათ”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ციხის კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამის შესახებ ანგარიშში მეტი ანალიზის წაკითხვას ისურვებდა:

„პატიმრისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იძალადებს მასზე, ციხის ადმინისტრაცია თუ  ციხის მაყურებელი. თუ ამას მასობრივი ხასიათი აქვს, საგანგაშოა. ომბუდსმენის ანგარიშში დეტალური ანალიზი არ არის, თუმცა იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო განხილვების დროს სახალხო დამცველი უფრო დეტალურად გაგვაცნობს ვითარებას.“

მისივე აზრით, ის, რომ ადმინისტრაციის მიმართ პატიმრები პრეტენზიებს არ აფიქსირებენ, პირდაპირ იმას არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაცია მათზე არ ძალადობს. კახიძისთვის გამორიცხული არაა, რომ  პატიმრები დასჯის შიშით არ აფიქსირებდნენ პრეტენზიას

უმცირესობის წევრის განცხადებით,   პენიტენციულ სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობა 2012 წლამდე არსებულს არ უნდა შეადაროს, რადგან იმდროინდელ ვითარებას ყველაფერი სჯობს:

„მაშინ პატიმრებს აწამებდნენ, ეს ყველამ ვიხილეთ. იმაზე უკეთესი ნებისმიერი ციხე იქნება, სტანდარტი მაღალი უნდა გვქონდეს. ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ადმინისტრაციიდან პატიმარზე ძალადობა გამოირიცხოს და, მეორე მხრივ, ეს პატიმრები არ უნდა დავტოვოთ კრიმინალური სამყაროს ხახაში, რომლებიც არანაკლებ სასტიკები არიან,“ – აღნიშნავს კახიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორის, ცირა ჭანტურიას აზრით, პროგრესი პენიტენციური სისტემის მართვის თვალსაზრისით აშკარაა, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს არსებული მდგომარეობის და პრაქტიკის საერთაშორისო (,,მანდელას წესები“) და ევროპულ სტანდარტებთან (,,ციხის ევროპული წესები“, CPT სტანდარტები) დაახლოების მხრივ; განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, რაც შეეხება ჯანსაღი ინსტიტუციური კულტურის და რესოციალიზაციის ხელშემწყობი გარემოს დამკვიდრებას,  პატიმართა შორის ძალადობის შემცირებას და არაფორმალური იერარქიების შესუსტებას, სამარტოო პატიმრობის პირობებთან და ფსიქიკურ ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

_____________________________________________________________________________

სტატია მომზადდა  ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის  „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“ ფარგლებში.  პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორისა და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პოზიციად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი