ახალი ამბები

ინტერნეტით ნარკოტიკების გამსაღებლები დავაკავეთ – შსს

8 მაისი, 2018 • 3180
ინტერნეტით ნარკოტიკების გამსაღებლები დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს ორი პირი, ვინც ინტერნეტით, ერთ-ერთი აპლიკაციის დახმარებით, ნარკოტიკებს ასაღებდა.

ამის შესახებ დღეს, 8 მაისს გამართულ ბიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 27 წლისა და 24 წლის ახალგაზრდები თბილისში დააკავეს.

“პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ:

ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.

გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი,”- აცხადებს შსს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს ორი პირი 7 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მისივე ცნობით, პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის და მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამალავებში დასატოვებლად გამზადებული, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი – ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.

შს-ს ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი