ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზა”: უცნობმა პირებმა თბილისი-ბათუმის მატარებელი დააზიანეს

8 მაისი, 2018 • 6589
“საქართველოს რკინიგზა”: უცნობმა პირებმა თბილისი-ბათუმის მატარებელი დააზიანეს

5 მაისს, გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა თბილისი-ბათუმის ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს. ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზა” იუწყება.

კომპანიის ინფორმაციით, პირებმა “შტადლერის” მატარებლის მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. ინციდენტის შემდეგ მატარებელი ბათუმიდან თბილისისკენ მცირე დაგვიანებით გავიდა.

“განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. …შტადლერის ორსართულიანი მატარებელი  თბილისის მიმართულებით 6 წუთის დაგვიანებით, 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო”, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

როგორც კომპანიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, “შტადლერის” ფირმის მატარებლისთვის მსგავსი სახის დაზიანების მოცილება დიდ თანხებს უკავშირდება. ზარალს “საქართველოს რკინიგზა” უკვე ითვლის.

“მიახატეს რაღაც სახელი, არაფრისმთქმელი, უშინაარსო ასოები. როგორც ქართველი, ისე შვეიცარიელი სპეციალისტები ჩართულნი არიან პროცესში და მიმდინარეობს შესწავლა. ვნახოთ, რა იქნება, თუმცაღა ეს მატარებელი არის ძალიან ძვირადღირებული, რომელიც საქართველოსთან ერთად ევროპის წამყვან ქვეყნებში მოძრაობს”, – უთხრეს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს”.

“საქართველოს რკინიგზამ” მომხდართან დაკავშირებით შსს-ს უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი