ახალი ამბებისაზოგადოება

რას ნიშნავს Pirls-ის ახალი შედეგები საქართველოსთვის – ინტერვიუ ლელა ჩახაიასთან

8 მაისი, 2018 • 5829
რას ნიშნავს Pirls-ის ახალი შედეგები საქართველოსთვის – ინტერვიუ ლელა ჩახაიასთან

წიგნიერების ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. რატომ ვერ ვითარდება სკოლის მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარი? რით იყო წინა წლებში პროგრესი გამოწვეული? ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტს, ლელა ჩახაიას ესაუბრა.

პირლსის ახალი კვლევის თანახმად საქართველოს მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა და იგივე ქულა აქვს ქვეყანას, რაც 5 წლის წინ ჰქონდა. რით შეიძლება ეს აიხსნას?

ჯერ ორიოდე სიტყვას ვიტყვი ზოგადად საერთაშორისო შეფასებებზე და მერე ვუპასუხებ ამ შეკითხვას. პირველ რიგში, როგორც ადრეც ბევრჯერ მითქვამს მეც და სხვა განათლების სპეციალისტებსაც, საერთაშორისო შეფასებებს, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ყურადღება ექცევა როგორც მედიის, ასევე მთლიანად საზოგადოების მხრიდან. ერთი მხრივ, ეს ბუნებრივია, რადგან ამ შეფასებების შედეგები ადვილი აღსაქმელია: მაგალითად ის, რომ საქართველო 51 ქვეყანას შორის ოცდამეთვრამეტეა, ნამდვილად არ ჟღერს კარგად; არც ის, რომ საშუალო ქულა ხუთი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. ამის გამო მეც არაერთხელ გამომიყენებია ამ შეფასებების შედეგები მსჯელობაში არგუმენტად. თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე.

მაგალითად, იმავე პირლსის კვლევის მიხედვით, 2016-ის წიგნიერებაში საუკეთესო საშუალო ქულა (588) რუსმა მოსწავლეებმა აჩვენეს. მე კარგად არ ვიცნობ რუსეთის საშუალო განათლების სისტემას და მიდგომებს, მაგრამ არა მგონია მიუხედავად მათი შედეგებისა, ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი იყოს. მაგალითად, ფრანგი მოსწავლეების საშუალო ქულა 511-ია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საფრანგეთის საშუალო განათლების სისტემა ბევრად უარესია რუსეთის საშუალი განათლების სისტემაზე? ვაღიარებ, რომ არცერთი მათგანის შესახებ არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია კვალიფიციური პასუხის გასაცემად, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ცალსახად დადებითად ამ შეკითხვას ვერ ვუპასუხებთ (სხვა თუ არაფერი, საფრანგეთი სამეცნიერო მიღწევების თვალსაზრისით მსოფლიოში მეექვსე ქვეყანაა, ხოლო რუსეთი – მეთვრამეტე).

თანაც, საშუალო ქულების დინამიკა სხვადასხვა ქვეყანაში, ცოტა არ იყოს, ბევრჯერ უცნაურად გამოიყურება: ვთქვათ, რომელიღაც ქვეყნის საშუალო ქულა 2006 წლიდან 2011 წლამდე 15 ქულით იზრდება და შემდეგ 2016 წელს 20 ქულით მცირდება. ნიშნავს ეს იმას, რომ ათწლიან მონაკვეთში ამ ქვეყანამ შედეგები რეალურად ჯერ ძალიან გააუმჯობესა, ხოლო შემდგომ ძალიან გააუარესა? ძნელი სათქმელია. რასაკვირველია, ამ შეფასებებს, როგორც წესი, მაღალკვალიფიციური კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ და შეფასების ყველა ეტაპი შეთანხმებულია საერთაშორისო კოორდინატორ ორგანიზაციასთან. თუმცა, ვფიქრობ, მაინც შესაძლებელია წლიდან წლამდე მცირედი ცვლილებები შეფასების პროცესში რამაც შესაძლოა, შედეგებზე გავლენა იქონიოს.

ერთი კონკრეტული მიზეზი, რამაც ოდნავ მაინც სავარაუდოდ გავლენა იქონია შედეგებზე, არის 2016 წლის შეფასების ციკლში აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეთა ჩართვა. მხოლოდ ქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებში საშუალო ქულა 491.6-ა (საშუალო ქულა 488, ხოლო აზერბაიჯანული სექტორის – 429). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მხოლოდ ქართული სექტორის შედეგებს შევხედავთ, საშუალო ქულა 3.6-ით გაუმჯობესდა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ბევრს არაფერს გვეუბნება – არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით.

2011 წელს საქართველოს შედეგი 2006 წლის მაჩვენებელთან შედარებით 17 ერთეულით იყო გაუმჯობესებული, მაშინ რამ გამოიწვია ასეთი ზრდა და მაშინდელი ფაქტორები თუ ფიგურირებს ახლანდელ შედეგებში?

ძნელი სათქმელია, ეს რამე კონკრეტული ფაქტორებით არის თუ არა გამოწვეული. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2005 წლიდან განხორციელებულმა რეფორმებმა, განსაკუთრებით სასწავლო გეგმების ცვლილებამ, გარკვეული შედეგი იქონია. განსაკუთრებით წიგნიერებაში ეს შესაძლოა მნიშნელოვანი ყოფილიყო, რადგან ახალ სასწავლო გეგმაში (ვგულისხმობ 2006 წლიდან პილოტირებულ და დანერგილ სასწავლო გეგმას) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წაკითხულიდან აზრის გამოტანას და სახელმძღვანელოებში ბევრია შესაბამისი სავარჯიშო. თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა ამ რეფორმებსა და საერთაშორისო შეფასების შედეგებს შორის თითქმის შეუძლებელია.

პირველად გვაქვს ელექტრონულად კითხვის შედეგები, სადაც საქართველოს კიდევ უფრო ნაკლები ქულა აქვს, ვიდრე წიგნიერების კვლევაში, არადა ბავშვებს პირველი კლასიდან აქვთ ბუქებთან შეხება. რით შეიძლება ასევე ეს მონაცემი აიხსნას?

არ ვიცი, ამ მონაცემს განსაკუთრებული ახსნა სჭირდება თუ არა. პირველ რიგში, ამ კომპონენტში მხოლოდ 14 ქვეყანა მონაწილეობდა და ის, რომ საქართველო ბოლოდან მეორეა, ბევრს არაფერს ნიშნავს. თანაც, რადგან პირველად ჩატარდა, შეუძლებელია შევაფასოთ, რეალურად გაიმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა შედეგები. გარდა ამისა, მონაწილე ქვეყნებიდან ზოგის შედეგები ელექტრონული კითხვის კომპონენტში უფრო მაღალია, ზოგის კიდევ – წიგნიერების კომპონენტში. ჩემი აზრით, ქართველ მოსწავლეთა შედეგები ორივე კომპონენტში იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ელექტრონული კითხვის დაბალი ქულა რეალურად უფრო კითხვის კომპეტენციების არქონაზე შეიძლება მეტყველებდეს, ვიდრე კომპიუტერული უნარ-ჩვევების არქონაზე. თუმცა, რამდენად გამართლებულია ბუქების პროექტი, ეს სხვა საკითხია და ვფიქრობ, ცალკე კვლევა სჭირდება.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ გოგონებს უკეთესი შედეგი აქვთ წიგნიერების კვლევაში, ვიდრე ბიჭებს, და ეს წინა კვლევებშიც ასე იყო. თქვენი აზრით, რა მიზეზები აქვს ამ გენდერულ სხვაობას?

ამ შედეგის თვალსაზრისით საქართველო მარტო ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, აბსოლუტურად ყველა მონაწილე ქვეყანაში გოგონების მიერ მიღებული საშუალო ქულა აღემატება ბიჭების მიერ მიღებულ საშუალო ქულას (საქართველოში ეს განსხვავება 19 ქულაა და ყველა ქვეყნის საშუალო ქულაც 19-ია). თუ რატომ ხდება ასე, ამაზე განათლების სფეროს სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ: შესაძლოა, მოლოდინები გოგონების მიმართ განსხვავებული იყოს როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში; ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ ქცევითი პრობლემები და ესეც შეიძლება მიზეზი იყოს. ზოგი სულაც ფიქრობს, რომ ბიოლოგიური განსხვავებები განაპირობებს კითხვაში გოგონების უპირატესობას. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გოგონები ტექსტის სპეციფიკის გამო აჩვენებენ უკეთეს შედეგს და არა იმის გამო, რომ რეალურად უკეთ შეუძლიათ კითხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი