ახალი ამბებიეკონომიკა

შესაძლოა, სესხის ძირის დაფარვის წესი შეიცვალოს

8 მაისი, 2018 • 6605
შესაძლოა, სესხის ძირის დაფარვის წესი შეიცვალოს

ეროვნული ბანკის “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების” პროექტში წერია, რომ სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი შეიცვლება. პროექტის თანახმად, სესხის ძირის გადახდა მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გრაფიკით უნდა მოხდეს. დღეს მოქმედი წესით, მსესხებელი ყოველთვიურად კრედიტზე დარიცხულ პროცენტს იხდის, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს- სესხის ვადის ბოლოს.

სებ-ის პროექტის მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი იპოთეკური სესხის შემთხვევაში  6 თვეს არ აღემატება, ხოლო 3 თვეს- სხვა ტიპის სესხების შემთხვევაში. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელი არ იხდის სესხზე დარიცხულ პროცენტს და ძირს.

სებ-ის მიერ გასაჯაროებული “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება” ჯერჯერობით სამუშაო ვერსიაა და შესაძლოა, გამოქვეყნებულ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს, რომლის თანახმადაც, მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალი რეგულაციები 2018 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში.

ცვლილების მიხედვით, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა, მან ბანკში საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია წარადგინოს. ეროვნული ბანკში რეგულაციების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად ჭარბვალიანობას ასახელებენ. სებ-ის ინფორმაციით, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი