ახალი ამბები

“ჰეროინზე 10-ჯერ ძლიერი” – ნარკოლოგი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები “ფენტანილმა” იმსხვერპლა

8 მაისი, 2018 • 6980
“ჰეროინზე 10-ჯერ ძლიერი” – ნარკოლოგი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები “ფენტანილმა” იმსხვერპლა

შავ ბაზარზე შესაძლოა ახალი ტიპის ნარკოტიკი, ძლიერი სინთეტიკური ოპიოდი “ფენტანილი” იყოს შემოტანილი და ბოლოდროინდელი გახმაურებული გარდაცვალებები სწორედ მას უკავშირდებოდეს და არა “მეფედრონს”.

ამის შესახებ ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, ამ ნარკოტიკის ქმედებას მედიკამენტი “ნალოქსინი”, აბათილებს, თუმცა აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. ამ მოსაზრებას ჯანდაცვის სამინისტროში არ ეთანხმებიან.

ბოლო ორ კვირაში 4 ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ზოგი “მეფედრონს” უკავშირებს, თუმცა, როგორც დღეს, 7 მაისს, გამართულ ბრიფინგზე, ექიმ-ნარკოლოგმა დათო ოთიაშვილმა განაცხადა, ქართულ ბაზარზე შესაძლოა სხვა სახის ნარკოტიკი, “ფენტალინი” შემოვიდა. მისი თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოება, რომ ახალგაზრდები ძილის დროს გარდაიცვალნენ.

“ჩვენ საქმე ძალიან სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს. “ფენტანილი”  დღეს არსებული და ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინთეტიკური ოპიოდია, რომლის გამოყენების შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილის დადგომის რისკი. ნაწილობრივ, ეს პრობლემა დგება იმიტომ, რომ მომხმარებელმა არ იცის, რას მოიხმარს. როგორც წესი, ეს ნივთიერება საღდება სხვა, ტრადიციული ნარკოტიკის სახით და, შესაბამისად, მომხმარებელი ვერ საზღვრავს იმ დოზას, რომელსაც მისი ორგანიზმი შეიძლება იყოს მიჩვეული. ის დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერია,  ვიდრე ჰეროინი,” – განმარტავს ექიმი დათო ოთიაშვილი. 

როგორც ექიმი-ნარკოლოგი აღნიშნავს, “ფენტანილისა” და სხვა ოპიოდების დოზის გადაჭარბების დროს ერთადერთი ეფექტური საშუალება პრეპარატი ნალოქსინია. ეს პრეპარატი საქართველოშიც მოიპოვება, თუმცა აფთიაქებში ის მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

“ნალოქსინის გამოყენების შედეგად უმალვე ხდება ადამიანის გამოცოცხლება, ეს პრეპარატი საქართველოში რეცეპტული სისტემის შემოღებისთანავე გაუგებარი მიზეზების გამო სარეცეპტო მედიკამენტების სიაში მოათავსეს. დაახლოებით წელიწადნახევარია ვცდილობთ, ჯანდაცვის სამინსიტრო დავარწმუნოთ, რომ ნალოქსონი სარეცეპტო მედიკამენტების სიიდან ამოიღონ. გაუგებარი მიზეზების გამო კვლავ ჭიანურდება ეს პროცესი”, – აცხადებს ოთიაშვილი.

მისივე თქმით, ბაზარზე ფენტანილის არსებობა ამ დროისთვის მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან არცერთი სამთავრობო უწყება არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუმცა ის კლინიკური სურათი, რომელიც აღწერილი იყო გარდაცვლილების შემთხვევებში, კერძოდ კი ძილში გაპარვა, იმაზე მიუთითებს, რომ საქმე ოპოიდების ჯგუფის პრეპარატს ეხება. მათ შორის ყველაზე ძლიერი და სახიფათო კი სწორედ ფენტანილია.

ოთიაშვილი განმარტავს, რომ  თუ ნალოქსინის ყიდვას მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადარჩეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე.

“ამ მედიკამენტით დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. მაქსიმუმ, რასაც გააკეთებ, ზედმეტად გამოაფხიზლებს ადამიანს. არამომხმარებელმა რომ მიიღოს შემთხვევით ეს მედიკამენტი, არანაირ ზიანს არ მიაყენებს. დღეისათვის უკვე არსებობს ამ პრეპარატის არასაინექციო ფორმა, კერძოდ კი ცხვირში შესასხურებელი სპრეი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება ექიმის ახლოს ყოფნა,” – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი. 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავითი სერგეენკო, რომლმაც დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ნარკოვითარებას არათუ ლიბერალიზაცია, არამედ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება გამოასწორებს. რაც შეეხება ნალოქსონს, ის აღნიშნავს:

“ნალოქსონი არის სელექტიური, მიზანმიმართული ოპიატების მოქმედების შემაბრუნებელი, რევერსის მქონე მედიკამენტი. ხოლო ის ნარკოტიკები, რომელიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიქოტროპული ჯგუფის, რომელზეც ნალოქსონი არანაირი სახით არ მოქმედებს. პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარებამ აქცენტირება მცდარად გადაიტანოს ნალოქსონის ძებნაზე და რეალური დამხარება დაიკარგოს”, – განაცხადა სერგეენკომ. მისი კომენტარი “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ბოლო დროს ნარკოტიკების შედეგად გარდაცვალების ყველა ფაქტზე (4) გამოძიება გრძელდება. მას შემდეგ კი, რაც უწყება გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზის ბიუროდან მიიღებს, გამოძიების ფოკუსი დავიწროვდება. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ მიუხედავად მაქსიმალური ჩართულობისა და მცდელობისა, ამ დროისთვის არ ერთი ექსპერტიზა დასრულებული არ არის.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისისში ღამის კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, 28 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, ხოლო 29 აპრილს ნეტგაზეთისთვის კიდევ ერთი გარდაცვლილის, ახალგაზრდა ქალის შესახებ გახდა ცნობილი. შაბათს კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი