“ჭერი” ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე აუცილებლად დასაწესებელია – ბახტაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, “ჭერი” ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე აუცილებლად უნდა დაწესდეს. როგორც მინისტრი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი სამართლიანი წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

საპროცენტო განაკვეთზე “ჭერის” დაწესების აუცილებლობას ფინანსთა მინისტრი უფრო დეტალურად შემდეგნაირად ხსნის:

„მინდა განვმარტო, თუ რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხშირად იყო შემთხვევები და უნდა ვაღიაროთ, ამას ჰქონდა მასიური ხასიათი, რომ ადამიანებს, როდესაც ისინი იღებდნენ სესხს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს. თუმცა შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები, როგორიცაა სხვადასხვა საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა კიდეც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ გადავიდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი  სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალი, სამართლიანი წესების დანერგვას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ რა  ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში,” – განმარტავს მამუკა ბახტაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია დაწესდეს არა მხოლოდ “ჭერი”, არამედ უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

“მინდა შეგახსენოთ, რომ პირველ იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს რეგულაცია და ხშირ შემთხვევაში, 300-400 პროცენტზე ადიოდა ის საპროცენტო ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. ვფიქრობ, და ესაა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ უკვე საბაზრო კონიუნქტურა გვიკარნახებს, თუ რა დამატებითი ღონისძიებების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრი დასძენს, რომ მეორე ნაბიჯი იქნება “ჭერის” დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ  ე.წ. განკარგვად შემოსავალზე.

„საუბარია იმაზე, რომ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80%-ის კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან