პროფესორები სკოლებში ონლაინ-ლექციებს წაიკითხავენ – განათლების სამინისტროს გეგმა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, წარმატებული პროფესორები და მეცნიერები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებენ. ეს ცვლილება პროექტ “ევრიკას” ფარგლებში იგეგმება.

ეს განცხადება მინისტრმა 7 მაისს, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

“ვთხოვეთ ჩვენს წამყვან პროფესორებს, გამოჩენილ მეცნიერებს, ბრწყინვალე პედაგოგებს, რომ დამატებითი, ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარინ მოსწავლეებს. ეს პროექტი მოიცავს მთელ საქარველოს, 2085-ვე საჯარო სკოლაში, და ასევე, კერძო სკოლებში ონლაინ-რეჟიმით დამატებითი, სპეციალური გაკვეთილების ჩატარდება,”- განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რისთვის იქნება საჭირო ეს გაკვეთილები:

“სპეციალური ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ პროფესორები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოყვებიან თავიანთი დარგების ხიბლს, სილამაზეს, რატომ აირჩიეს თვითონ ესა თუ ის პროფესია. ყველა დარგს გააჩნია თავისი სილამაზე, თავისი უნიკალური მხარე და სწორედ ამას დაანახებენ ისინი ჩვენს ბავშვებს. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავის თავში აღმოაჩინონ, რომ თურმე ჰქონიათ ამა თუ იმ დარგის ნიჭი, რომ მათში მეცნიერებისადმი, ფიქრისადმი, ინტელექტუალური შრომისადმი სიყვარულმა გაიღვიძოს,”- განაცხადა ჩხენკელმა.


აქვე წაიკითხეთ მოკლედ, თუ რა გეგმების შესახებ ისაუბრა მიხეილ ჩხენკელმა:

სიახლეები ზოგად განათლებაში:

  • მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება  – სამინისტრო უზრუნველყოფს პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიული ცოდნის ამაღლებას. სპეციალური ტრენინგების საშუალებით ისინი დაეუფლებიან სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.
  • მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – გრიფირების მიმდინარე პროცესი, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის დახვეწას. როგორც შინაარსი, ასევე წონა, მორგებული იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე.
  • სისტემის განვითარება – ზოგადი განათლების სისტემა შეფასდება ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ. მოხდება ეროვნული მოდელის და ფინური საგანმანათლებლო სივრცის ელემენტების შერწყმა.
  • მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება – პროექტ „ევრიკას“ ფარგლებში, დარგის სპეციალისტები და წამყვანი მეცნიერები, სხვადასხვა საგანში არასტანდარტულ, სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ, რაც მოზარდებს შემოქმედებით ინტერესს გაუღვიძებს;
  • ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში – იგეგმება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ Minecraft Education Edition-ის სკოლებში დანერგა. თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას პედაგოგები გარკვეული საგნების სწავლების დროს გამოიყენებენ, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე – ახალი სკოლების აშენება და  არსებულების რეაბილიტაცია სამინისტროს უცვლელი პრიორიტეტია. სოფლის სკოლები გარდაიქმნება საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს.

სიახლეები პროფესიულ განათლებაში:

  • უმაღლესი პროფესიული განათლება – პროფესიული კოლეჯები უნივერსიტეტებში დაფუძნდება. სტუდენტები ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობით, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს.
  • დასაქმებაზე ორიენტაცია  კოლეჯები კერძო კომპანიების ბაზაზე შეიქმნება, საუკეთესო სტუდენტებს კი ექნებათ შესაძლებლობა, ამავე კომპანიაში დასაქმდნენ.
  • სწავლების ინტერნაციონალიზაცია – სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფესიულ სასწავლებლებთან. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა განავითარებს აკადემიურ პროგრამებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე აიყვანს.

სიახლეები უმაღლეს განათლებაში:

  • უნივერსიტეტების განვითარების ხელშეწყობა – სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას.
  • მეცნიერების მხარდაჭერა  – ჩატარდება საგრანტო კონკურსები როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებში. გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან Horizon2020, Cost Action, Academia Europea, Cern, რაც ქართველ მეცნიერებს ხელს შეუწყობს, საერთაშორისო დონის კვლევები უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოონ.

სიახლეები ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით:

  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა – სამინისტრო ხელს შეუწყობს სეზონური სამეცნიერო სკოლების ფუნქციონირებას; გაიზრდება ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე. ბანაკების ინტერნაციონალიზაცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი