ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც მარეგულირებელი კომისიის წევრებს ხელფასი შეუმცირდებათ

7 მაისი, 2018 • 1976
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც მარეგულირებელი კომისიის წევრებს ხელფასი შეუმცირდებათ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმადაც, მარეგულირებელი კომისიების წევრების შრომის ანაზღაურება პრეზიდენტის ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს.

რომან გოცირიძის განცხადებით, მისი ინიციატივა ხელფასზე ზღვრის დაწესებასთან დაკავშირირებით კომისიის აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება.

“მარეგულირებელი კომისიის წევრების ოფიციალური [თვიური] ხელფასი 16 ათასი ლარია. ამას ემატება დანამატები. ორი თვის განმავლობაში მარეგულირებელი კომისიის რიგითი წევრი ღებულობს იმდენს, რამდენასაც პარლამენტის დეპუტატი მთელი წლის განმავლობაში. ჩემი წინადადებით, კომისის წევრებისა და თავმჯდომარის ხელფასის ზედა ზღვარი პრეზიდენტის ხელფასის ტოლფასი უნდა იყოს, ანუ 6 900 ლარი. თუ პრეზიდენტს ხელფასი მოემატება, შესაბამისად, კომისიის წევრებსაც მოემატოთ ხელფასი,”-აცხადებს რომან გოცირიძე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა თამარ ხუხუნეიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასის შედარება პრეზიდენტის ხელფასთან გაუმართლებელია. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ თუ კომისიის წევრების ხელფასი შემცირდება, ეს აპარატის თანამშრომელთა ხელფასის შემცირებას გამოიწვევს.

“ყურადღება უნდა მიექცეს შრომის ბაზარს და იმ ბაზარს, რომელსაც კომისიები არეგულირებენ. იმ შემთხვევაში, თუ წევრების ხელფასი ჩარჩოში იქნება მოქცეული და შემცირებული, ეს აპარატის თანამშრომელთა ხელფასზე აისახება. წარმოუდგენელია, კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს თანაბარი ხელფასი ჰქონდეთ. შესაბამისად, ეს აპარატის თანამშრომელთა ხელფასის კლებას გამოიწვევს. ეს სფერო ძალიან მაღალშემოსავლიანია. ამ ბაზრის კომპანიებს მილიარდიანი ბრუნვები აქვთ და მნიშვნელოვანია, კვალიფიკაციური კადრები შეინარჩუნოს მარეგულირებელმა ორგანომ, როდესაც ასეთი დიდი შემოსავლის მქონე კომპანიებს არეგულირებს,”- აცხადებს თამარ ხუხუნეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 6 900 ლარს შეადგენს. 2017 წლის 29 ივნისს შევსებული დეკლარაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრ ვახტან აბაშიძის წლიური ანაზღაურება 246 272 ლარს შეადგენდა, რაც თვიურად 20 ათას ლარს აღემატება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის გიორგი ფანგანის მიერ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, როგორც კომისიის წევრმა, ერთი წლის მანძილზე 160 700 ლარი მიიღო. სემეკის წევრის ანაზღაურება თვიურად აღემატებოდა 13 ათას ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი