ახალი ამბები

ძიუდოს ფედერაციასთან აქციის მონაწილეები ითხოვენ დავით ქევხიშვილის გადადგომას

7 მაისი, 2018 • 1671
ძიუდოს ფედერაციასთან აქციის მონაწილეები ითხოვენ დავით ქევხიშვილის გადადგომას

ძიუდოს ფედერაციის შენობასთან იმართება აქცია ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებენ ძიუდოისტთა ნაკრების წევრები. აქციის მონაწილეების განცხადებით, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს და ამის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს.

“მოთხოვნა უცვლელია. ჩვენ მოვითხოვთ, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვოს. ამ საკითხში მთელი ნაკრები ერთ აზრზეა. დილით ქალთა ნაკრები შემოგვიერთდა. მათი თქმით, მათთანაც იგივე პრობლემები არსებობს და ისინი სიმართლის მხარეს დგანან,”-აცხადებს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრის ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით,  10 მაისს რიგგარეშე ყრილობის გაიმართება. ფედერაციის ცნობით, ყრილობაზე დაგეგმილია ორი საკითხის, ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

დღეს, 4 საათზე კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდება. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიუდოისტებთან მინისტრის შეხვედრა დახურული იქნება.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 4 მაისს განაცხადეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ბოიკოტს უცხადებენ და სანამ თანამდებობას არ დატოვებს, მონაწილეობას არც ვარჯიშში და არც შეჯიბრებაში არ მიიღებენ.

თავად დავით ქევხიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისთვის გაუგებარია სპორტსმენების ბრალდებები, რადგან ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, მათი გვერდში დგომისა და მხარდაჭერის მეტი არაფერი გაუკეთებია.

“თითიდან გამოწოვილი მიზეზები, რომელსაც სხვა ახსნა არ აქვს, თუ არა თავის გამართლება… მართული პროცესია, რომლის უკანაც გარკვეული ძალები დგანან. დღეს ზედმეტია ამაზე საუბარი. ჩემთვის მთავარია გაიმართოს შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში. მე მზად ვარ დავჯდე მათთან ერთად”, – ამბობს დავით ქევხიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი