ახალი ამბები

მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტი გაფორმდება

7 მაისი, 2018 • 5834
მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტი გაფორმდება

მშობლებსა და სკოლას შორის გაფორმდება კონტრაქტები, რომლის ფარგლებშიც მხარეების უფლებები და მოვალეობები იქნება გაწერილი – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჩხენკელის თქმით, ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც, სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. ეს არის სამი ტიპის ფლაერი – რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

“ბულინგის აღმოსაფხვრელად მშობლების, ოჯახების ჩართულობა – ეს აუცილებელი კომპონენტია. ამასთან დაკავშირებით, კონტრაქტები მშოლბებთან, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ამის განხორციელებას სექტემბრიდან დავიწყებთ. ეს გულისხმობს, რომ სკოლასა და მშობლებს შორის დაიდება კონტრაქტი, სადაც გაწერილი იქნება უფლებებიც, რასაკვირველია, და ვალდებულებები, მოვალეობები, რომელიც თითოეულ მხარეს გააჩნია.

ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები უნდა წარმოადგენდნენ ერთ გუნდს და გუნდის მთავარი მიზანი არის ბავშვებზე ზრუნვა, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, თუ მშობელს გააჩნია რამე ინფორმაცია შვილის შესახებ, რომელიც სკოლამ უნდა იცოდეს, ინფორმირება უნდა იყოს ცალსახად გაკეთებული და, შესაბამისად, სკოლამაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს, ანუ ინფორმაციის გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანია,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლებოს სისტემის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიხეილ ჩხენკელმა წარადგინა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს უსაფრხო გარემოს უზრუნველყოფას, კერძოდ, იგეგმება:

  • მანდატურის სამსახურის გაუმჯობესება;
  • ეფექტური ფსიქოლოგიური სამსახურის შექმნა;
  • სკოლებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • შეხვედრები “მოვუსმინოთ მოსწავლეებს”;
  • მშობლებთან კონტრაქტების დადება;
  • სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება.

მასალების გადაბეჭდვის წესი