ახალი ამბები

მეტროსადგური “გურამიშვილი” გაიხსნა

7 მაისი, 2018 • 2935
მეტროსადგური “გურამიშვილი” გაიხსნა

დღეიდან  “გურამიშვილის” მეტროსადგურში მგზავრთა მიღება განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეტროსადგურში ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულისა და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით.

გარდა ამისა, როგორც მერია აცხადებს, მეტროსადგურში შეიცვალა შესასვლელი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები, დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. პარალელურად ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა და დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კველვითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია.

ქვედა ბაქნის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას.

აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო, თუმცა 30 იანვარს, ვარკეთილის მეტროში ნგრევის შედეგად, შეჩერდა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მეტროსადგურის უსაფრთხოების დასადგენად მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

რაც შეეხება იმ დანარჩენ სადგურებს, რომელთა რეაბილიტაციაც ვარკეთილის მეტროს ნგრევის შემდეგ შეჩერდა, როგორც სატრანსპორტო სამსახურში აღნიშნავენ, სადგურების კვლევის პროცესი დროში გაიწელა და ჯერჯერობით საბოლოო, ერთიანი დასკვნა არ აქვთ.

“როგორც კი მოვა “სამგორისა” და  “ავლაბრის” სადგურიბის კვლევის შედეგები, სამუშაოები განახლდება და გარკვეულ დროში დასრულდება,” – გვითხრეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი