თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი., პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

გამოძიების ინფორმაციით, ი.ქ. და ფ.ი. თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. ფ.ი. აღნიშნული დაწესებულების მფლობელი იყო, ხოლო ი.ქ. ადმინისტრატორად და ბარმენად მუშაობდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით 6 პირი გამოკითხეს, ხოლო ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ორივე დაკავებულის მიმართ პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებებით მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.