ახალი ამბები

“ის არ არის ჩვენი მეფე!” – პროტესტი პუტინის წინააღმდეგ და ასობით დაკავებული რუსეთში

5 მაისი, 2018 • 3141
“ის არ არის ჩვენი მეფე!” – პროტესტი პუტინის წინააღმდეგ და ასობით დაკავებული რუსეთში

რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. დაპატიმრებულთა შორისაა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნიც, რომლის ორგანიზებითაც დღეს, 5 მაისს, რუსეთის მეოთხე ვადით არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მოსახლეობა ქვეყნის ათობით ქალაქში გამოვიდა.

“ის არ არის ჩვენი მეფე” – პროტესტი ამ სლოგანით რუსეთის 90 ქალაქში დაიგეგმა. პუტინის ინაუგურაციამდე 2 დღით ადრე მისი მმართველობის წინააღმდეგ აქციები სწორედ ალექსეი ნავალნის მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტები სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით და შეძახილებით – “პუტინი ერის სირცხვილია”, “ის არ არის ჩვენი მეფე” – მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში მსვლელობებს აწყობდნენ. აქციებზე სანქცია შესაბამისი სამსახურების მხრიდან მხოლოდ 5 ქალაქში გაიცა.

პოლიციამ დემონსტარნტების დაპატიმრება საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე დაიწყო. ისინი აქტივისტებს დაშლისკენ მეგაფონებით მოუწოდებდნენ და შესაძლო ზომების შესახებ აფრთხილებდნენ. რადიო “თავისუფლების” ცნობით, მომიტინგეთა წინააღმდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის გარდა, პუტინის მხარდამჭერი პირები და კაზაკების ტრადიციულ ფორმებში ჩაცმული ადამიანები მოქმედებდნენ. თავად ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პუშკინის მოედანზე დააკავეს. CNN-ის ცნობით, აღნიშნულ მოედანზე ადგილობრივ ადმინისტრაციას აქციის ჩატარების სანქცია გაცემული არ ჰქონდა.

პუშკინის მოედანზე დღეს პუტინის მხარდამჭერთა ჯგუფიც აქტიურობდა. “ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მმართველობა”, “პუტინისთვის” – სკანდირებდნენ ისინი.

დამოუკიდებელი მედიაგამოცემა “ОВД–Инфо”-ს ინფორმაციით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ახორციელებს დაკავებულთა რაოდენობის მონიტორინგს, მხოლოდ მოსკოვში პოლიციამ 704 ადამიანი დააპატიმრა. პეტერბურგში დაკავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, ჩელიაბინსკში კი აქციის 164 მონაწილეა დაპატიმრებული. ჯამში, ადგილობრივი დროით 20:00-ს მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს.

ადგილობრივ მედიაში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება და აკავებს სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს. ერთ-ერთი ვიდეო მოსკოვში, პუშკინის მოედანზეა გადაღებული.

ერთ-ერთი დემონსტრანტის ცემის კადრები კი ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტმა პეტერბურგში გადაიღო.

მოსკოვის პოლიციის სპიკერს დღეს ძალის გადამეტების შესახებ არაფერი უთქვამს. ვლადიმერ ჩერნიკოვმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად, სრულყოფილად და მშვიდად მოქმედებდა. მან აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები პროვოკაციაშიც დაადანაშაულა.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი. ამგვარად ის თავის 18-წლიან მმართველობას კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა 76%-ით გაიმარჯვა. საარჩევნო პროცესი გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. “ეუთოს” შეფასებით, არჩევნები კარგად დაგეგმილი იყო, თუმცა “ფუნდამენტურ თავისუფლებათა შეზღუდვების ფონზე და არაკონკურენტუნარიან გარემოში” ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი