ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობა: შავ ბაზარზეა ნარკოტიკი, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს

5 მაისი, 2018 • 2537
თეთრი ხმაურის მოძრაობა: შავ ბაზარზეა ნარკოტიკი, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს საქართველოში შემოტანილ ახალ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც, მათი განცხადებით, მომაკვდინებელია.

„მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო, არამომხმარებლებო და მომხმარებელთა ოჯახის წევრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას.

შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის“ – წერია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას სავარაუდოდ კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ და დასძენს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დეტალებს ადგენენ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან:

„მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ  „მეფედრონია“ ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ბიო-ჰეროინი, იგივე ფენტალინი).

მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

____________________________________

მთავარ ფოტოზე: საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი