ახალი ამბები

ძიუდოისტები ქევხიშვილს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებენ

5 მაისი, 2018 • 1712
ძიუდოისტები ქევხიშვილს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებენ

დღეს, 14:00 საათიდან, ვაკის პარკში საქართველოს ძიუდოისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან ძიუდოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრებიც. ძიუდოისტების ერთადერთი ძირითადი მოთხოვნაა გადადგეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

სპორტსმენები ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა, ივარჯიშონ მშვიდ გარემოში, მუდიმივად სტრესის ქვეშ უწევთ ყოფნა. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება დავით ქევხიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასა და ფედერაციაში დაგროვილ პრობლემებს.

ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიქბის თქმით, წლების განმავლკობაში განვითარებულმა მოვლენებმა ძიუდოისტებს არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა პროტესტისა.

“პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე დამდგარმა შედეგმა, არამედ ბოლო წლებში დაგროვილმა პრობლემებმა. დავით ქევხიშვილი არის ერთპიროვნული მმართველი, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და არ შეუძლია, მართოს ფედერაცია. მას არ აქვს საერთაშორისო ფედერქციასთან ურთიერთობა, ვერ მართავს პროცესებს მენეჯერულად და ვერც მწვრთნელებსა და ბიჭებს შორის ურთიერთობას არეგულირებს. ამას გარდა, არის უამრავი პრობლემა, რომლებზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და ხალხმაც კარგად იცის”, – უთხრა ვარლამ ლიპარტელიანმა “ნეტგაზეთს”.

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა ქართველმა ძიუდოისტებმა გუშინ გაახმიანეს და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს. მანამდე, ევროპის ჩემპიონატის უმედლოდ დასრულების შემდეგ, იგივე მოითხოვა ვეტერანმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმაც. ტელეკომპანია “იმედის” კითხვაზე, ხომ არ არის პროცესები ზვიადაურისგან მართული, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ასე არ არის, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ზვიადაურს თანამდებობის დაკავების ინტერესი არ აქვს და თუ ეს ასე მოხდება, თავად წავა ნაკრებიდან.

ცოტა ხნის წინ ისრაელში ჩატარდა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი გადადგა. თუმცა ძიუდოისტები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის.

ჯერჯერბით ცნობილია, რომ დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია დღეს 17:00 საათზე აპირებს საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ძიუდოისტები საპროტესტო აქციაზე ვაკის პარკში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი