ახალი ამბები

თუ ზვიადაური ფედერაციაში რაიმე თანამდებობას დაიკავებს, მე სპორტს დავტოვებ – ლიპარტელიანი

5 მაისი, 2018 • 4241
თუ ზვიადაური ფედერაციაში რაიმე თანამდებობას დაიკავებს, მე სპორტს დავტოვებ – ლიპარტელიანი

“თუ ზურაბ ზვიადაური ფედერაციაში რაიმე თანამდებობაზე დაინიშნება, მე იმ დღესვე ვაკეთებ განცხადებას და სპორტიდან მივდივარ”, – ეს განცხადება იმედის ეთერში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გააკეთა, რომელიც დღეს თანაგუნდელებთან ერთად ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს დაუპირისპირდა.

ასე უპასუხა ლიპარტელიანმა კითხვას, ხომ არ გვაქვს საქმე ასევე ყოფილი ძიუდოისტისა და პარლამენტარის, ზვიადაურის მიერ მართულ პროცესთან. ლიპარტელიანის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ ზვიადაურს არავითარი ინტერესი არ აქვს ქევხიშვილის თანამდებობის მიმართ. ლიპარტელიანის თქმით, ზვიადაური საკუთარი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, რადგან ქევხიშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის მხარდამჭერი იყო.

ცოტა ხნის წინ ისრაელში ჩატარდა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. დავით ქევხიშვილი ღიად გააკრიტიკა ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა. მან ქევხიშვილს “ქართული ძიუდოს განადგურებაში დასდო ბრალი. დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი გადადგა. დღეს ძიუდოს აღმასკომის სხდომა გაიმართა, მანამდე კი ნაკრების წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ბოიკოტს უცხადებენ და სანამ ის თანამდებობას არ დატოვებს, მონაწილეობას არც ვარჯიშში და არც შეჯიბრებაში არ მიიღებენ.

“სანამ ფედერაციის ხელმძღვანელი თანამდებობას იკავებს, ჩვენ ვწყვეტთ ვარჯიშს, ვწყვეტთ შეჯიბრებზე… ამის ნათელი მაგალითია ავთანდილ ჭრიკიშვილის საქციელი, რომელიც დღეს ბოსნიაში უნდა ყოფილიყო შეჯიბრზე, დღეს კი ის ჩვენ გვერდით არის. ის ჩვენ გვერდით დგას იმ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ქართულ ძიუდოში იყოს ჯანსაღი მდგომარეობა და არა – ერთპიროვნული მმართველობა,” – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

როგორც ძიუდოისტები განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღეს, რაც ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მათ შორის საუბარმა შედეგი არ გამოიღო და მათი პოზიცია არ გაიზიარეს.

“ჩემთვის დღევანდელი შეჯიბრი, რომელიც ბოსნიაში იმართება, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პრობლემების გამო გადავყწვიტე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, და მე პირადად, თავის დანებებაც რომ მომიწიოს, სანამ ეს მმართველობა იქნება ფედერაციაში, სპორტის გამგრძელებელი აღარ ვარ,” – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

თავად დავით ქევხიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისთვის გაუგებარია სპორტსმენების ბრალდებები, რადგან ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, მათი გვერდში დგომისა და მხარდაჭერის მეტი არაფერი გაუკეთებია.

“თითიდან გამოწოვილი მიზეზები, რომელსაც სხვა ახსნა არ აქვს, თუ არა თავის გამართლება…”

მართული პროცესია, რომლის უკანაც გაკრვეული ძალები დგანან. დღეს ზედმეტია ამაზე საუბარი. ჩემთვის მთავარია გაიმართოს შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში. მე მზად ვარ დავჯდე მათთან ერთად”, – ამბობს დავით ქევხიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი